ქართულ ბაზარზე სათამაშოების ახალი ბრენდი „მარარტი“ გამოჩნდა. ბრენდის გეგმებსა და საქმიანობის მიზნებზე „ქალების ნარატივში“ ბრენდის დამფუძნებელმა, ანი ჯიბღაშვილმა ისაუბრა.
„მარარტი“ 40 სახეობის ანტიალერგიულ სათამაშოს აწარმოებს, რომელთა შექმნაში 5 ადამიანია ჩართული და რეალიზება მთელი საქართველოს მასშტაბით, ონლაინ ხორციელდება. სათამაშოების ფასები 10 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე მერყეობს.
„21-ე საუკუნის ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ გაიზარდა ბავშვთა დამოკიდებულება სხვადასხვა გაჯეტებზე, რასაც მძიმე შედეგი მოაქვს პატარების განვითარებაში. კერძოდ, უჭირთ მეტყველება და კონტაქტის დამყარება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე შემექმნა ისეთი რამ, რაც დაეხმარებოდა პატარების განვითარებას. ასე გაჩნდა ერთი წლის წინ ხელნაკეთი სათამაშოების ბრენდის შექმნის იდეა, რომელიც განავითარებდა ბავშვის მოტორულ და კოგნიტურ უნარებს და დაეხმარებოდა მათ სამყაროს უკეთ აღქმაში. მართალია, იდეის განხორციელება მაშინვე ვერ შევძელით, თუმცა „მარარტი“ უკვე 5 თვეა აქტიურ რეჟიმში ოპერირებს ქართულ ბაზარზე“, - აცხადებს ანი ჯიბღაშვილი და დასძენს, რომ კომპანია უკვე ცდილობს, მომხმარებელი სიახლეებით გაანებივროს და უკვე შექმნეს საბავშვო თეთრეულიც.
მისივე თქმით, ბრენდი მომავალში აუცილებლად შეეცდება ექსპორტზე გასვლას და ფიქრობენ, მომავალი წლისთვის საქართველოში წარმოებული პროდუქცია ამერიკაში გაგზავნონ.
„ევროპაშიც გვინდა გავიტანოთ „მარარტის“ პროდუქცია, თუმცა ამერიკაში ბევრად უფრო აფასებენ ხელნაკეთ სათამაშოებს, რომლებიც ბავშვის განვითარებაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა ანი ჯიბღაშვილმა.
“მარარტი” 5 თვის წინ 1000 ლარით დაწყებული ბიზნესია, რომელიც ბავშვის კოგნიტური და მოტორული უნარების განმავითარებელ ხელნაკეთ სათამაშოებს საწარმოებს.