მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს და ვინ ყიდულობს გორში უძრავ ქონებას?

ქალაქი გორი

გორის უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის. როგორც დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალ პროექტებში საცხოვრებელ ფართებს ძირითადად ემიგრანტები ყიდულობენ.

თბილისისა და ბათუმისგან განსხვავებით რეგიონში მცირე ზომის ბინებზე მოთხოვნა თითქმის არ არსებობს, შესაბამისად მიმდინარე პროექტების უმრავლესობაში საცხოვრებელი ფართები 48 კვ.მ-დან იწყება.

რაც შეეხება ფასებს, ამ დროისთვის გორში ახალ აშენებულ პროექტებში კვ.მ-ზე ფასები 600$-დან იწყება და 1000$-მდე მერყეობს.

გორის უძრავი ქონების ბაზრის გასაცნობად გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი“ ბაზრის სხვა მოთამაშეებთან ერთად, კომპანია MSZ Group-ის დირექტორს ლევან ჭითანავას ესაუბრა. მისი განცხადებით, ქალაქში ბოლო წლებში აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიდის, რასაც მზარდი ფასები და მოთხოვნა განაპირობებს.

„ბოლო წლებში მომხმარებლები გაცილებით მეტად გათვითცნობიერებულები გახდნენ დეველოპერულ სფეროში. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალე ვართ, ჩვენი პრიორიტეტია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც გამოირჩევა: პარკინგის სივრცეებით, მოწესრიგებული შიდა ეზოებითა და საერთო სარგებლობის კომფორტული ზონებით.

მოსახლეობის უმრავლესობა ადგილობრივია, გორისა და გორის რაიონის მცხოვრებლები, თუმცა მნიშვნელოვანი სეგმენტია ემიგრანტებიც.

ჩვენ 2022 წლიდან გორში დავნერგეთ აპარტამენტების კონცეფცია, სრულად გარემონტებული, საცხოვრებლად მზად ბინები. პარალელურად, დავამატეთ სასტუმროს ტიპის ნომრები და დღეს უკვე გვაქვს 17 კლასიკური ნომერი.

აპარტამენტების მიმართულებით საწყის ეტაპზე გარკვეული სკეპტიციზმი არსებობდა, რადგან მსგავსი პრაქტიკა გორში დანერგილი არ იყო. თუმცა ამან გაამართლა და დღეს აპარტამენტები სრულად რეალიზებულია. ის გამოიყენება როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ, თუმცა სტუმრების უმრავლესობა მოკლევადიანი ვიზიტით სარგებლობს. ძირითადად ორი-სამი ღამით, თუმცა გვყავს გრძელვადიანი დამსვენებლებიც.

დღეს ქალაქში უკვე 15-ზე მეტი პროექტია, ხოლო მომავალში ახალი პროექტებიც იგეგმება. ჩვენთვის ეს ჯანსაღი კონკურენციაა და მზად ვართ, ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გავაძლიეროთ,“ - განაცხადა ჭითანავამ.

შპს „MSZ Group“ გორის უძრავი ქონების ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. დღემდე კომპანიის პორტფელში სამი დასრულებული და ერთი მიმდინარე პროექტია. ჯამში, მათ პროექტებში 350-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

გორში ოთხი ბლოკისგან შემდგარ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს კომპანია "მეგობრობაც". როგორც მისი დამფუძნებელი მამუკა არევაძე ამბობს, ამჟამად ქალაქში 20-მდე მიმდინარე და 15 დაგეგმილი პროექტია. მზარდია უძრავი ქონების ღირებულებაც, თუმცა ის თბილისის ფასებს, თითქმის ორჯერ ჩამორჩება.

"დღევანდელი მონაცემებით ქალაქში დაახლოებით 20 მიმდინარე პროექტია, დამატებით 15-მდე კი შეთანხმების პროცესშია. ეს ცხადყოფს, რომ მოთხოვნა ნამდვილად მაღალია, რადგან ასეთი მასშტაბის აქტივობა მცირე ქალაქისთვის სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ გორისა და შიდა ქართლის მოსახლეობა უპირატესობას საკუთარ რეგიონს ანიჭებს. იშვიათია შემთხვევა, როდესაც ისინი თბილისში ყიდულობენ ბინას.

მოთხოვნების მხრივ, გორში ოჯახები უფრო ფართო საცხოვრებლებს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასი: აქ კვადრატული მეტრის ღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია, რის შედეგადაც მომხმარებლები იმავე ბიუჯეტით უფრო დიდ ფართს იძენენ. მაგალითად, თბილისში ერთ საძინებლიანი ბინის ფასად, გორში შესაძლებელია გაცილებით დიდი, დაახლოებით ორჯერ ფართო ბინის შეძენა,“ - განაცხადა არევაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები