მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ერთჯერადი ვიზიტი თბილისის აუზებზე?

საცურაო აუზი

ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში გადადის - საქართველოში მოქმედი აუზების უმრავლესობამ სტუმრების მიღება ივნისის თვიდან დაიწყო, სხვადასხვა ტიპის აუზი კი სასურველ ტარიფს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელს სთავაზობს.

BM.GE თბილისში მოქმედ ღია და დახურულ აუზებზე ერთჯერადი ვიზიტის ღირებულებებს გაგაცნობთ, 14 ივნისის მდგომარეობით.

ვაკის საცურაო აუზში, სადაც ერთჯერად აბონემენტში გათვალისწინებულია როგორც დახურული აუზით, ისე ფიტნესდარბაზით, საუნებითა და ჯაკუზით, მაგიდის ჩოგბურთითა და ღია ტერასით სარგებლობა - ერთი ვიზიტის ღირებულება 100₾-ია, რასაც საჩუქრად ჯგუფურ ვარჯიშებზე დასწრების შესაძლებლობაც მოჰყვება.

ვაკის საცურაო აუზის ჯგუფის წევრებისთვის ერთჯერადი ვიზიტი 60₾-ია, მოქმედი აბონემენტის მფლობელებისა და 8-დან 18 წლამდე მომხმარებლებისთვის კი - 50₾.

კრწანისის რეზიდენციის კომპლექსში ღია აუზით სარგებლობა სამუშაო დღეებში 70₾ დაგიჯდებათ, უქმე დღეებში კი - 90₾.

სასტუმრო Beaumonde Garden-ის ტერასაზე ღია აუზზე ერთჯერადი ვიზიტი კვირის დღეებში 60₾, შაბათ-კვირას კი 80₾ დაგიჯდებათ, თუმცა აუზზე ამჟამად მოქმედებს აქცია, რომლითაც ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით ერთჯერადი ვიზიტი 42₾ ღირს.

გორგასლის ქუჩაზე, Sport Time Hotel & SPA-ს ღია აუზზე ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება 45₾-ს შეადგენს.

თბილისის ზღვის კლუბში ერთჯერადი ვიზიტი 35-დან 40₾-მდე დაგიჯდებათ.

ზაფხულის განმავლობაში თბილისის აუზებზე ერთჯერადი ვიზიტი შედარებით ბიუჯეტურადაცაა შესაძლებელი. მაგალითად, ოლიმპიური აუზი სტუმრებს სხვადასხვა ტიპის აბონიმენტს სთავაზობს, რომელთა ღირებულებაც 15-დან 55 ლარამდეა.

კერძოდ, ულიმიტო ვიზიტი 07:30-დან 22:00 საათამდე 55₾ დაგიჯდებათ, თუმცა, მაგალითად, 07:00-დან 11:00-მდე აუზით სარგებლობის ღირებულება კვირის დღეებში 15₾, შაბათ კვირას კი - 25₾-ია.

გლდანის თეთრ ტბასთან მდებარე “აუზი თეთრ დიდ ტბაზე” ერთჯერადი ვიზიტი, 10:00-დან 19:00 საათამდე 20₾ დაგიჯდებათ. სპორტულ კომპლექს “არენაზე” კი დახურული აუზითა და ღია ტერასით სარგებლობისთვის ერთჯერადი აბონიმენტის ღირებულება 15₾-ია.

რაც შეეხება Gino Paradise-ს აკვაპარკით სარგებლობას, რომელიც 10 სხვადასხვა აუზსა და სლაიდს ითვალისწინებს, კომპანიის ვებგვერდის თანახმად, 5-წლამდე ბავშვთა ვიზიტი უფასოა.

Gino Aquapark-ი სტუმრებს საოჯახო პაკეტებს სთავაზობს, რომელთა ღირებულებაც 2+1 ადამიანისთვის 220₾-დან იწყება, 2+4 ადამიანისთვის კი 430₾-მდე იზრდება. ასევე, კომპანია სტუმრებს საშუალებას აძლევთ, აკვაპარკში ვიზიტი წინასწარ დაჯავშნონ, რა შემთხვევაშიც მოქმედებს ფასდაკლება:

ივნისის თვეში - 24-54₾ (დამოკიდებულია დატვირთულობაზე)

ივლისსა და აგვისტოში - 29₾

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები