დღეისთვის საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბაზარზე სტანდარტული მარკის ბენზინის ღირებულება უკვე 2.53 ლარს შეადგენს. საქართველოში საწვავის ფასის მატებას ორი წამყვანი მიზეზი აქვს - პირველი ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა, მეორე კი გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასის ზრდაა. დღეს ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი $73-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ბენზინის ფასები ასე ნაწილდება: რუსეთი 1.87 ლარი, აზერბაინაჯი 1.18 ლარი, თურქეთი 3.51 ლარი. თუ საქართველოში არსებულ ფასს აქციზის გადასახადს გამოვაკლებთ, რაც ლიტრზე დაახლოებით 37 თეთრს შეადგენს, ქვეყანაში ლიტრი ბენზინი 2.16 ლარი იქნება, რაც ნავთობმომპოვებელ რუსეთზე მხოლოდ 29 თეთრით მეტი იქნება.
მსოფლიოში ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 3.17 ლარია. ყველაზე იაფი ნავთობი ვენესუელაშია, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის ყიდვა 2 თეთრად არის შესაძლებელი. ამის მიზეზი 1998 წელს უგო ჩავესის სოციალისტური მთავრობის მიერ შემოღებული სუბსიდიაა. ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად მის შენარჩუნებაზე მილიარდებს ხარჯავს. მეორე ადგილზე სუდანია, სადაც ლიტრი ბენზინი 35 თეთრი ღირს. თითქმის ყველა ქვეყანა, სადაც ნავთობი 1 ლარზე იაფია ნავთობმომპოვებელია. საწვავის განსაკუთრებით მაღალი ფასებით დასავლეთ ევროპის ქვეყნები გამოირჩევიან. ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ბენზინი კი ჰონგ-კონგშია, სადაც ლიტრი 5.88 ლარი ღირს.