მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოსა და მსოფლიოში

5cf3a02243879
მარიამ ადამია
02.06.19 20:20
4895
ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სახლიდან სამსახურში და პირიქით, ან თუნდაც სხვა მიმართულებით გადასაადგილებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ, საქართველოში, თვეში საშუალოდ 22 ლარიდან - 32 ლარამდე ხარჯავენ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რას ირჩევს მგზავრი - მეტრო-ავტობუსს თუ სამარშუტო ტაქსს?

საქართველოში მეტროთი მგზავრობა 50 თეთრი ღირს შესაბამისად, შაბათ - კვირის გარდა, ყოველდღიური ორმხრივი მგზავრობის ღირებულება, თვეში 22 ლარი გამოდის. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნახევარი საათის განმავლობაში ხელმეორედ მგზავრობა უფასოა. ანალოგიური ხარჯია ავტობუსის შემთხვევაში, თუმცა, ეს არ ეხება არც ბავშვებს, რომლებიც უფასოდ მგზავრობენ, არც პენსიონერებს და არც სტუდენტებს, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ. ეს ყველაფერი ეხება მათ ვინც, გადასაადგილებლად პლასტიკურ ბარათებს იყენებს.

რაც შეეხება სამარშუტო ტაქსებს, მისი ფასი 80 თეთრია, ხოლო თუ ორი გზის ღირებულებას დავითვლით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკან დასაბრუნებელი გზის ფასი 65 თეთრია, ამიტომაც მგზავრს ჯამში 31.90 ლარი გამოსდის ხარჯი.

ასეთია საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები, რაც შეეხება მსოფლიოს:

Deutsche Bank-ის ექსპერტებმა იმ ქალაქების სია შეადგინეს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელს მსოფლიოში ყველაზე ძვირია. საანგარიშო პერიოდად ერთი თვე აიღეს, შაბათ-კვირის გამოკლებით და დაითვალეს ყოველდღიურად, ორი გზის ღირებულება.

შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე ძვირი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ლონდოშია, სადაც ბილეთის ღირებულება თვეში, 179 დოლარია. ქალაქის სიმბოლო წითელი ორსართულიანი ავტობუსები დაახლოებით 700 მარშრუტზე მოძრაობს. ხოლო მეტროპოლიტენი 11 ხაზზე მუშაობს, რომლის სიგრძე ჯამში 402 კმ-ია და 270 სადგურს აერთიანებს. სიძვირის მაჩვენებლით ლონდონს ოდნავ ჩამოუვარდება ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი, სადაც თვიური გაანგარიშებით ერთი მგზავრის ღირებულება 128 დოლარი გამოვიდა.

სამეულში მოხვდა ოკლენდიც, სადაც მგზავრობა თვეში 125 დოლარი ჯდება. ქალაქში სატრანსპორტო ქსელის რეორგანიზაცია გასულ წელს დასრულდა, რომლის შედეგადაც მარშრუტების რაოდენობა და სიხშირე გაიზარდა. ყველაზე ძვირი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მქონე ქალაქების ათეულში მოხვდა ტოკიოც, სადაც მოსახლეობის ხარჯი გადასაადგილებლად თვეში 123 დოლარს უტოლდება. ხუთეულშია ნიუ-იორკი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მოქალაქეებს 121 დოლარი უჯდებათ. ქალაქში ძირითადი და საუკეთესო საშუალება გადასაადგილებლად მეტროა, რომელსაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი გადაჰყავს.

საშუალოდ 120 დოლარი უჯდებათ მგზავრობა სიდნეიში. უნდა აღინიშნოს, რომ აქ ისტორიაში პირველად მეტროპოლიტენი შენდება, ერთი ხაზითა და 13 სადგურით. მისი გახსნა კი, 2019 წლის მეორე კვარტალშია დაგეგმილი.

მეშვიდე პოზიციაზეა ველინგტონი, 113 დოლარის ღირებულების თვიური ხარჯით. მას მოსდევს ტორონტო, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოიცავს მეტროს, ავტობუსებსა და ტრამვაის, მათი საშუალო ხარჯი კი, 107 დოლარია ყოველთვიურად.
ყველაზე ძვირი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მქონე ქალაქების ბოლო ორ პოზიციას ჩიკაგო და მელბურნი ინაწილებენ, საშუალო ხარჯით - 107 და 102 დოლარი.

შედარებისთვის, საქართველოში დათვლილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯი, ანუ 22-32 ლარი, დღევანდელი მდგომარეობით 8-12 დოლარი გამოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები