მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღონისძიებები გაატარა სებ-მა 2018 წლის სექტემბერში TBC-ის დამფუძნებლების მიმართ?

5c6eb4e936ac4
BM.GE
21.02.19 18:15
997

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. რეგულატორიგანმარტავს, რა ღონისძიებები გაატარა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიმართ 2018 წლის სექტემბერში.

„2018 წლის სექტემბრის შემოწმების (რომელიც 2007-2008 წლის ტრანზაქციებს ეხებოდა) შედეგად აღმოჩენილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამო, ეროვნული ბანკი, მისი მანდატისა და კანონმდებლობის ფარგლებში, ვალდებული იყო გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები. კერძოდ, 2018 წლის 19 ნოემბრის ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით:

ბანკს აეკრძალა ახალი სესხების და გარანტიების გაცემა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე მათთან დაკავშირებულ პირებზე;

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს მიეცათ 2 თვის ვადა, რათა წარმოედგინა თავიანთი პოზიცია ბანკის ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით;

თიბისი ბანკს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1,1 მლნ ლარის ოდენობით;

ეროვნული ბანკის მოთხოვნისა და ორთვიანი ვადის მიცემის მიუხედავად, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი პასუხმა ვერ დააკმაყოფილა ეროვნული ბანკის მოლოდინი. 2019 წლის 13 თებერვალს, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტზე განხილვის შედეგად, სებ-მა ბანკის შესაბამის ორგანოს მოსთხოვა: ა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა; ბ) მინორიტარი აქციონერების მიერ შერჩეული ორი ახალი წევრის დამატება“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

აქვე სებ-ი აზუსტებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არ ეხება აღნიშნული პირების ყოფნას თიბისი ბანკის საბჭოს ზემდგომ ორგანოში - TBC BANK GROUP PLC-ში (თიბისი ბანკის 100%-იანი მფლობელი ლონდონში) და ასევე, არ ეხება მათ წილებს „თიბისი ბანკში“.

„გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ სებ-ის მიერ 2019 წლის 13 თებერვალს გატარებული საზედამხედველო ზომები არ ვრცელდება უშუალოდ თიბისი ბანკზე. აღნიშნული ზომები მიმართულია მხოლოდ ბანკის მმართველობის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და ერთი ან ორი პირის მხრიდან საბჭოზე გავლენის კონცენტრაციის თავიდან აცილებაზე.

თიბისი ბანკი არის სისტემური მნიშვნელობის ბანკი, შესაბამისად, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბანკის კორპორაციული მართვის სტრუქტურა და ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის შესაბამისი იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ვალდებული იყო, ადეკვატური რეაგირება მოეხდინა სისტემური მნიშვნელობის ბანკში კორპორაციული მმართველობის პრობლემებსა და საზედამხედველო ნორმების უხეშ დარღვევებზე“, - განმარტავს ცენტრალური ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები