რა გვაფერხებს განვითარებისას? - ეს იყო #BMGლანჩის ერთ-ერთი თემა, რომლის დროსაც გადაცემა გიორგი ისაკაძის კითხვებს ბიზნესომბუდსმენმა უპასუხა.
ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, ბიზნესისათვის 3 მთავარ პრობლემურ საკითხს გამოყოფს.
ირაკლი ლექვინაძე პირველ და მნიშვნელოვან საკითხად სახელმწიფო სექტორში, კერძოდ, საშუალო რგოლებში ბიუროკრატიულ პრობლემას ასახელებს.
ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, პირველი პირების მხრიდან გახსნილობის მაღალი ხარისხი იკვეთება, თუმცა როცა საქმე გადაწყვეტილების შესრულებამდე მიდის, ბევრი პრობლემა ჩნდება.
“როცა მივდივართ გადაწყვეტილებების შესრულებამდე, აქ ვჩერდებით. ბევრი შემთხვევა გვაქვს, როგორც ცენტრალურ ისე მუნიციპალურ დონეზე, როცა საჭირო გახდა “პრესინგი” იმისთვის, რომ საკითხი ბოლოში გასულიყო“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, პრობლემის მიზეზი კომპეტენციის ნაკლებობაზე მეტად საკითხების გადაწყვეტის დროში გაწელვა ხდება.
“კომუნიკაციისას იმდენად ბევრი შუალედური და ბუნდოვანი პასუხია, რომ დროში საკითხის გადაჭრის პრობლემა დგება“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
მეორე პრობლემა რომელზეც ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება გაამახვილა, სასამართლო სისტემას და დროში გაჭიანურებულ დავებს უკავშირდება.
“როცა დროშია გაწელილი საკითხები და გადაწყვეტილებები ისეთია, რომ ზოგჯერ ბიზნესს კითხვის ნიშნები მაინც უჩნდებათ, ეს კიდევ ერთი პრობლემაა. საშუალოდ დავების გადაწყვეტისთვის 1-დან 3 წლამდე დროა საჭირო, კარგ შემთხვევაში და იმედი მაქვს რეფორმები, რომელიც არბიტრაჟსა და მედიაციას უკავშირდება, ამ გამოწვევას უპასუხებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც #BMGლანჩის დროს ბიზნესომბუდსმენმა გამოყო, რეგულაციებია.
“ჩვენ ყველაზე ხშირი შეხება რასთანაც გვქონდა, ეს იყო რეგულაციების კასკადი. შესაძლოა რეგულაციები იყოს საჭირო, მაგრამ რატომღაც ყოველთვის არის სურვილი, ის იყოს იმ პროპორციაზე მეტი, ვიდრე მისი აწევა ბიზნესს შეუძლია.
ირაკლი ლექვინაძემ საუბრისას რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მათ შორის შრომის უსაფრთხოებისა და დაკრედიტების შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგუალციები, რომელიც მისივე შეფასებით, ხშირ შემთხვევაში არათანაბარი პროპორციით იყო შემოღებული და ბიზნესისათვის მისი შესრულება გართულდა.
“შეიძლება ევროპული რეგულაციები პასუხობდეს იქაური ბიზნესის შესაძლებლობებს, ჩვენთან კი, ეს ტვირთი ბევრად მეტია ვიდრე ბიზნესების შესაძლებლობა და ცალკე პრობლემაა იმპლემენტაციის პროცესი და კომუნიკაცია ამ დროს. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა 2018 წლის დასაწყისშიც, როცა მთავრობისგან რიგი რეგუალციების ამოქმედების გადადება მოვითხოვეთ იმისთვის, რომ ბიზნესს ბუნდოვან საკითხებში გასარკვევად დრო ჰქონოდა“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

























