GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე და ჰიდროენერგეტიკული საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია "ენერჯი სოლუშენსის" მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი ენერგეტიკაში გამჭვირვალე თამაშის წესების შემოღებაზე ეკონომიკის სამინისტროს განახლებული გუნდის სურვილს დადებითად აფასებს. „კერძო სექტორმა რიგ კითხვებზე პასუხები მივიღეთ და გარკვეულწილად, წყურვილი ცოტათი დავიკმაყოფილეთ. მინისტრი დაგვპირდა, რომ დარგთან მსგავს შეხვედრას ოქტომბრის ბოლოს გავიმეორებთ“, - ასე შეაფასა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას გიორგი აბრამიშვილი რამდენიმე კვირის წინ მარიამ ქვრივიშვილისა და ენერგეტიკის ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შეფასებისას. „წერტილთან“ ინტერვიუში "ენერჯი სოლუშენსის" მმართველმა პარტნიორმა პარტნიორმა ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ენერგეტიკის დარგში ინვესტორებს აწუხებთ.
- გამოწვევები კვლავ არის ბიუროკრატიაში, თუმცა ვიცით, რომ მთავრობა დანამდვილებით მუშაობს ამაზე და არა მარტო ეკონომიკური გუნდი - ახალი გუნდია გარემოს დაცვის სამინისტროშიც; ბევრი რაღაც გამარტივდა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი გვინდა... საუბარია იმაზეც, რომ ამოქმედდეს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპი და სხვადასხვა უწყებას დაუწესდეს დროის ლიმიტი პასუხების გასაცემად, რათა პროცესი არ გაიწელოს. უამრავი დრო და ენერგია მიდის ბიუროკრატიაში და იმედი მაქვს, ეს ნაწილი გაუმჯობესდება. ასევე, კიდევ რა გვაწუხებს? - ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და თანმიმდევრულობა. მოგეხსენებათ, ენერგეტიკა გრძელვადიანი და მსხვილი ინვესტიციების სექტორია და აუცილებელია ვიცოდეთ, გრძელ ვადაში, ზოგადად, რა თამაშის წესები იქნება. ამდენად, ძალიან მისასალმებელია ის მიდგომა, რომელიც ახალმა გუნდმა გამოიჩინა - ეს გამოიხატება იმაში, რომ ზოგადად, არ არსებობდეს შერჩევითობის პრინციპი, შემუშავდეს გამჭვირვალე კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეირჩევა პროექტები. ყველა [ინვესტორი] ელოდება სტაბილურობას.
- ზოგადად, ქვეყანაში თუ ენერგეტიკის სექტორში?
- ენერგეტიკის სექტორს ვგულისხმობ... ბატონ მურმან მარგველაშვილს უნდა დავეთანხმო, რომელიც ხშირად ამბობს, რომ გრძელვადიანი სტრატეგია და თამაშის წესები უნდა არსებობდეს. აი, გამჭვირვალობისთვის ერთი ძალიან კარგი ინიციატივა აქვს სახელმწიფო ელექტროსისტემას - სურთ ინტერაქციული რუკა შეიქმნას, სადაც გასაგები იქნება, თუ რომელ ქვესადგურში რამდენი სიმძლავრის დაერთებაა შესაძლებელი ან/და როდის იქნება შესაძლებელი. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ აღარ იქნება კორუფციული ჯაჭვი და [ყველა ნახავს] სად რამდენი სიმძლავრე გამოთავისუფლდება.
- რამდენადაც ვიცი, მარიამ ქვრივიშვილის გუნდის და ენერგეტიკის სექტორის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ე.წ. „პირდაპირი კონტრაქტების“ მექანიზმი, რომლითაც სამინისტროში 400-ზე მეტი განაცხადი შევიდა და ჯამში, 11 000 მეგავატის სიმძლავრეზეა საუბარი... მოგვიყევით, რა და რატომ არის გამოწვევა?
- ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ შეიქმნა სპეკულაციური ბაზარი - ეს არის გამოწვევა ანუ რეალურად ახლა არსებობს რაღაცა ფურცლები... უფრო სწორედ, პროცესი შეჩერდა; მე არ ვიცი სტატისტიკა, რამდენ „პირდაპირ კონტრაქტზეა“ ხელი მოწერილი, მაგრამ ახლა ყველაფერს გააჩერებენ და თავიდან მოხდება პროექტების გადახალისება და დეტალური კვლევა, რამდენადაა შესაძლებელი ამა თუ იმ ადგილას განხორციელდეს ენერგოპროექტი, თუ რამდენად არის ეს დეველოპერი გამოცდილი და ა.შ. სახელმწიფო [არ უნდა დაზარალდეს იმის გამო], რომ ვიღაც ინვესტორმა გააფორმა მემორანდუმი, მაგრამ შემდეგ პროექტი არ განავითარა.
- რომ შევაჯამოთ, რა მოლოდინი გაქვთ ახლა ენერგეტიკის სექტორში?
- ყველა პროექტზე მიმდინარეობს კვლევა, რამდენად რეალისტურია მათი განხორციელება...
- თუმცა ეს არ ეხება CFD აუქციონში გამარჯვებულ პროექტებს, ხომ ასეა?
- მგონი, არ ეხება, თუმცა ზუსტად არ ვიცი... არ მინდა შეცდომაში შევიყვანო საზოგადოება. ფაქტია, ყველა პროექტის, ასე ვთქვათ, გადახედვა მიმდინარეობს რათა სპეკულაციური ბაზარი გაქრეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც თავიდანვე უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ კარგია, რომ ამ მიმართულებით მივდივართ.
- BMG ეცდება, სამინისტროს ახალი მიდგომის შესახებ მეტი დეტალის გარკვევას... კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც მინისტრის ბიზნესთან შეხვედრაზე იყო საუბარი, როგორც ვიცი, ბანკების მხრიდან ენერგეტიკის სექტორის დეველოპერების დაკრედიტების გართულებას შეეხებოდა...
- ასეა... ზუსტად ამიტომ, ბანკებს უკვე აღარ ესმით, რამდენად არის მოთხოვნა. მაგალითად, 11 000 მეგავატზე ხომ არ არის ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა?! 11 000 მეგავატს არათუ ვერ დააერთებ ქსელთან, რაც ერთი პრობლემაა, მაგრამ სახელმწიფოც ხომ ვეღარ შეისყიდის?! რა უნდა ვუყოთ ამდენ ელექტროენერგიას?!
- მაშინ საერთოდ რატომ დაბრუნდა „პირდაპირი კონტრაქტების“ მექანიზმი - მიზანი მხოლოდ იმის დემონსტრირება იყო, რომ ენერგეტიკაში „უძრაობის ხანა“ დასრულდა?!
- იცით, [მთავრობის] სხვადასხვა გუნდთან შეხვედრები რომ გვქონდა, ყველა თავს იწონებდა იმით, რომ აი, ამდენი მემორანდუმი გავაფორმეთ... აი, ამდენს ხელი მოვაწერეთ და ასე შემდეგ. [ენერგეტიკის სექტორს] სულ იმაზე გვქონდა საუბარი, რომ ეს არ ნიშნავს აშენებულ პროექტებს. გასაგებია და ბუნებრივია, ახალი გუნდი რომ მოდის, ახალი მოლაპარაკებები იმართება და ამით თავს მოწონება ხდება, მაგრამ მეორე მხრივ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პროდუქტი მივიღოთ, ხომ?! ეს ხელმოწერილი მემორანდუმები ქვეყანას ხომ არაფერში არ ადგება, პირიქით, ავნებს.
- ჩვენც სულ ვეძებთ მართლა მშენებარე ენერგოობიექტებს და არა მხოლოდ ქაღალდზე დარჩენილ პროექტებს...
- ეკონომიკის სამინისტროს ამ გუნდისთვის პირიქით მოხდა... რეალურად, ამ გუნდმა საქმიანობა პროექტების გადამოწმებით დაიწყო. [აინტერესებთ] რეალურად, მართლა მოხდება თუ არა ამდენი ობიექტის მშენებლობა, რომელი არის რეალური, რომელი არ არის რეალური...
- ანუ ეკონომიკის სამინისტროს წინა გუნდი ვერ მუშაობდა კარგად და ვერ ხედავდნენ ინვესტორების თუ პროექტების შემოწმება-გაფილტვრის საჭიროებას?
არ ვიცი, მაშინ სხვა მიდგომა იყო... ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ ინვესტორების კვალიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი...




























