ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ჩხარტიშვილი შუა დერეფნის აუთვისებელ პოტენციალზე საუბრობს და ერთ-ერთ გამოწვევად ინფრასტრუქტურას ასახელებს.
მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებაში დერეფნის ყველა დაინტერესებული უწყება უნდა იყოს ჩართული.
მან კიდევ ერთ გამოწვევად კერძო კომპანიების არასათანადო ჩართულობა და კონკურენციის ზრდის საჭიროება დაასახელა.
"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა. საჭიროა, ინფრასტრუქტურა განვითარდეს და ამაში შუა დერეფნის ყველა დაინტერესებული უწყება უნდა იყოს ჩართული. მხოლოდ ერთი კონკრეტული ინფრასტუქტურა თუ განვითარდება, ჯამში ვერ მივიღებთ იმ ნაკადს, რომელიც უნდა იყოს უწყვეტი. იცით, რომ სერიოზული მატებაა შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვის მხრივ და საკმაოდ დიდია პოტენციალი, რომელიც უნდა ავითვისოთ. რაც შეეხება კონკურენციას, აქ საუბარია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ ტვირთებზე, რომლის ნაწილშიც ასათვისებელი გვაქვს პოტენციალი. რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ საკმაოდ დიდი ოდენობის ტვირთია და აქ უნდა იყოს კონკურენცია, რადგან მხოლოდ სახელმწიფო ოპერატორი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს. ტვირთის მოზიდვა უნდა განახორციელონ კერძო კომპანიებმა, აქ საუბარია, რომ მეტად იყოს ბაზარზე დაშვებული კერძო კომპანიები. კონკურენცია რომ გაიზრდება ხარისხი მოიმატებს და შესაბამისად, ტარიფებიც დაიკლებს",- აღნიშნა ზვიად ჩხარტიშვილმა.