31 მაისიდან ძალაში შედის "ოცნების" FARA, რომელიც მმართველმა პარტიამ საზოგადოების, ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე წინააღმდეგობის ფონზე მიიღო. იურისტი საბა ბრაჭველი საკუთარ ფეისბუქპოსტში ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დელეგაციებსა და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დააფიქსირონ პოზიცია და განიხილონ, როგორ იმოქმედებენ ახალი სამართლებრივი რეალობის პირობებში.
იურისტის თქმით, „ფარა“ (FARA) მის სუბიექტად განიხილავს ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, წარმომადგენლობას, ფილიალს, ისეთ ურთიერთობებსაც კი, რომელსაც წინა, „რუსული კანონი“ არ ეხებოდა. ის აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო რეგისტრაციას გაეროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და საელჩოების თანამშრომლებსაც კი მოსთხოვს, რაც აშკარა გადაცდომაა.
„ამიტომ, ამ ნავში მართლა ყველა ერთად ვსხედვართ, ვისაც (1) უცხოური კონტრაქტი/დაფინანსება აქვს და (2) პოლიტიკურ (წაიკითხეთ: საზოგადოებრივ) აქტივობებში მონაწილეობს,“ — წერს საბა ბრაჭველი.
ბრაჭველი ხაზს უსვამს, რომ ამერიკულ FARA-ს მესამე ელემენტიც აქვს - საზოგადოებრივ საქმიანობას უცხოური დაფინანსებით პირი ამ უცხოური პრინციპალის (დონორის) დავალებით უნდა ახორციელებდეს. მისი განმარტებით, აშშ-ში რეესტრში მხოლოდ ის მედიები რეგისტრირდებიან, ვისაც ორგანიზაციული დამოუკიდებლობა არ აქვს და დონორი აკონტროლებს. BBC, Le Monde, Deutsche Welle და სხვა მედიები, მიუხედავად უცხოური მთავრობებისგან პირდაპირი დაფინანსებისა, რეესტრში არ არიან.
„ბიუროს ეს არ აინტერესებს და მიიჩნევს, რომ თუ ორგანიზაცია ბავშვების უფლებებს იცავს, ეს ბავშვების ინტერესიდან კი არა, მხოლოდ დონორის ინტერესიდან გამომდინარეობს. მოკლედ, FARA-ს მოქმედების ფარგლებს აშშ-ში იუსტიციის დეპარტამენტი და სასამართლო პრაქტიკის განმარტებები ავიწროვებს, თუმცა აქაური ფარას 'თარგმნისას' ეს შეზღუდვები, ცხადია, არ გადმოუტანიათ,“ — აღნიშნავს იურისტი.
ბრაჭველის შეფასებით, კანონისა და მისი ინტერპრეტაციის ფორმულირება უკიდურესად ბუნდოვანია. ყველაზე ფართო, თუნდაც არასწორი განმარტებით, ნებისმიერ პირს, ვისაც 31 მაისისთვის უცხოელთან (ან უცხოეთის რეზიდენტ საქართველოს მოქალაქესთან) კონტრაქტი აქვს, შესაძლოა, აგენტად დარეგისტრირება მოეთხოვოს.
იურისტი სამ შესაძლო გზას გამოყოფს:
ა) აგენტად რეგისტრაცია: ეს "მარტივი" ვარიანტია, რადგან პირი აგრძელებს საქმიანობას და თავს არიდებს რეპრესიულ ზომებს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რეგისტრაციის შედეგად, პირი საკუთარ თავს უზარმაზარ ვალდებულებებს ჰკიდებს, როგორიცაა:
-
- აგენტების რეესტრში რეგისტრაცია ფიცის ქვეშ.
- ორგანიზაციის დაარსებასთან, დაფინანსებასთან და ფუნქციონირებასთან, ასევე უცხოურ პრინციპალთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის, მათ შორის პერსონალური ან საიდუმლო მონაცემების მიწოდება 6 თვეში ერთხელ.
- საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერი მასალის გამოქვეყნების ან ნებისმიერი სახელმწიფო უწყების/თანამდებობის პირის კონტაქტიდან 48 საათის განმავლობაში ბიუროსთვის შეტყობინება.
- ასეთი მასალის ორი ასლის წარდგენა 48 საათში.
- და რაც მთავარია - საჯარო უწყებებთან, საჯარო კომუნიკაციაში (თუნდაც ფეისბუქ პოსტის, მეილის გაგზავნის დროს) საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ურთიერთობის დროს, უნდა გააკეთოთ „ჭეშმარიტი და ზუსტი განცხადება“, რომ აგენტი ხართ.
ბ) საქმიანობის შეწყვეტა: ეს რთულია, თუ გამოსავლებზე ახლა ფიქრობენ, მაგრამ თუ 31 მაისისთვის სუბიექტს უცხოური დაფინანსება ან უცხოური კონტრაქტი აღარ აქვს, მას „ფარა“ აღარ შეეხება. უცხოური დელეგაციის სტაფისთვის ეს სამსახურიდან წამოსვლას ნიშნავს.
გ) საქმიანობის ჩვეულებრივად გაგრძელება: „ჩვენ ვამბობთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების მსახურებაა და არა უცხოური დონორების. თუ ეს კანონი ამერიკული ფარაა, მაშინ, იუსტიციის დეპარტამენტის და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ჩვენ არავითარი რეგისტრაცია არ უნდა მოგვთხოვონ,“ — განმარტავს ბრაჭველი. მისი თქმით, ეს გზა სისხლისსამართლებრივ რისკსაც შეიცავს, მაგრამ, როგორც წინა წელს - თუ ბევრი იტყვის რეგისტრაციაზე უარს, ეს „მოკლავს კანონს“. თუ რეგისტრაცია მაინც მოითხოვეს, ორგანიზაციების ნაწილს შეუძლია მიუთითოს რომელიმე გამონაკლისზე (ბიზნეს, ჰუმანიტარული, სამეცნიერო, აკადემიური, რელიგიური, სახელოვნებო და საქველმოქმედო საქმიანობა), ასევე მიმართონ სტრასბურგს დროებითი ღონისძიების (ინტერიმის) დაუყოვნებლივ გამოყენების მოთხოვნით, რომელიც კანონის აღსრულებას შეაჩერებს.
„ამ სამივე გზის დადებითი და უარყოფითი მხარეების სრულად აღქმა აუცილებელია, რადგან ზოგჯერ ისე აღიქმება ხოლმე, თითქოს რეგისტრაცია ბოლო ეტაპია და მორჩა, საქმიანობას ჩვეულებრივად გააგრძელებ. სინამდვილეში, ეს დასაწყისია - ამის შემდეგ იწყება რეგისტრაციის, ინფორმაციის დაცულობაზე უარის, აგენტად სულ თავის მოხსენიებისა და სხვა ეტაპები, რასაც მოგვიანებით სამოქალაქო უფლებების, სწავლების, არჩევანისა და სხვა უფლებების წართმევა მოჰყვება ხოლმე,“ — აფრთხილებს საბა ბრაჭველი.
იურისტის აზრით, კანონის აღსრულების მექანიზმები თავად ბიურომაც არ იცის, რასაც საინფორმაციო სესიებზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც მოწმობს. თუმცა, ის ვარაუდობს, რომ აღსრულება შერჩევითად მოხდება, ხოლო პირველ დარტყმას „ისინი მივიღებთ, ვინც სამოქალაქო წინააღმდეგობას ვაგრძელებთ“.
„ჩვენ უკანონო კანონების დარღვევა აქამდეც გვიწევდა და ახლაც ბოლომდე მივყვებით, მაგრამ ამ ბრძოლაში ცალკე და უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რას გადაწყვეტს ყველა პარტნიორი - ორგანიზაციაც, დელეგაციაც, საელჩოც და ფიზიკური პირიც. ნამდვილი დამოუკიდებლობა ძნელია, მაგრამ აუცილებელია,“ — ამთავრებს საბა ბრაჭველი თავის პოსტს.




























