ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების 5.1%-იან ზრდას დადებითად აფასებს.
„მაჩვენებლები საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, რადგან ჩვენ ორ ფაქტორს ვხედავთ: ერთი - ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც ევროკავშირში შემავალი ქვეყნებია, ტურიზმის ზრდა შეინიშნება, ხოლო მეორე - ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ტურისტის მიერ საშუალო დანახარჯი სტაბილურად იზრდება. ამიტომ, ეს ზრდა არის ზუსტად ის, რისი მიღწევაც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ქობულიას განცხადებით, სახელმწიფომ მეტი მაღალბიუჯეტიანი ტურისტის მოზიდვაზე უნდა იზრუნოს.
„აღსანიშნავია, რომ კვარტალური შეჯამება საშუალებას გვაძლევს გამჭვირვალე ფორმატში ინდუსტრიის ძირითად მონაწილეებთან ერთად დავსახოთ და დავაკორექტიროთ გეგმები. გვაქვს საკმაოდ დეტალური ციფრები, რაც ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. გამოიკვეთა, რომ ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდაა ევროკავშირიდან. უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ, აბსოლუტური ციფრები ევროკავშირიდან დიდი არაა და ამ მიმართულებით კონკრეტული სტრატეგია გვაქვს, რაც მოიცავს პირდაპირი რეისების განვითარებას, სარეკლამო კამპანიას, ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამასთან, ტურისტების მოსაზიდად მეტი ტურისტული ატრაქციის შექმნაა საჭირო. კარგია, რომ წლიდან წლამდე ტურისტული დანახარჯები ზრდის ტენდენციით ხასიათდება“, - განაცხადა მინისტრმა.

























