მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გზით ხორციელდება ყველაზე მეტი ხორბლის იმპორტი - საზღვაო, სარკინიგზო თუ სახმელეთო ტრანსპორტით?

5b9bcdf31347b
თელარა გელანტია
14.09.18 21:00
1432
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ბრძანების თანახმად, ხვალიდან, 15 სექტემბრიდან ხორბლის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმპორტი იკრძალებოდა, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ დღეს, აღნიშნული აკრძალვა 2 კვირით, 1 ოქტომბრამდე გადაავადა.

ივანე მაჭავარიანის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნა გაითვალისწინეს.

Bm.ge დაინტერესდა, რა გზით ხორციელდება ყველაზე მეტი ხორბლის იმპორტი საქართველოში - საზღვაო, სარკინიგზო თუ სახმელეთო ტრანსპორტით და როგორია ბოლო 5 წლის ტენდენცია, თუმცა საქსტატში განაცხადეს, რომ 2016 წლამდე ამ ტიპის სტატისტიკას არ აწარმოებდნენ.

სამი არასრული წლის მონაცემების მიხედვით კი, მკვეთრად არის გაზრდილი საავტომობილო ტრანსპორტით ხორბლის იმპორტი. კერძოდ, თუ 2016 წელს 38,176 ტონა ხორბალი შემოვიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 173 000 ტონამდე გაიზარდა; წელს კი, მხოლოდ 7 თვეში უკვე 142 000 ტონა ხორბალია შემოტანილი საავტომობილო ტრანსპორტით.

იმპორტირებული ხორბლის უდიდესი ნაწილი საქართველოში საზღვაო ტრანსპორტით შემოდის, მაგრამ ტენდენცია კლებადია. კერძოდ, 2016 წელს - 397 414 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა ზღვით, 2017 წელს - 263,851 ტონა ხორბალი შემოვიდა, ხოლო მიმდინარე წლის 7 თვეში კი - 72 807 ტონა.

რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტს, სტატისტიკური რიცხვები აჩვენებენ, რომ 2017 წელს სულ დაახლოებით, 78 000 ტონა ხორბალი შემოვიდა ამ გზით, წელს შვიდ თვეში კი - 105 000 ტონა, ხოლო 2016 წელს კი, მხოლოდ - 21 000 ტონამდე.

რაც შეეხება სიმინდის იმპორტის გზების სტატისტიკას, საქსტატის ცნობით, იმპორტირებული სიმინდი ქვეყანაში ან ზღვით შემოდის ან სახმელეთო ტრანსპორტით. კერძოდ, წელს 7 თვეში სულ, დაახლოებით, 58 000 ტონა სიმინდის იმპორტი განხორციელდა საქართველოში, საიდანაც 57 000 ტონაზე მეტი სახმელეთო ტრანსპორტით შემოვიდა.

შეგახსენებთ: გასული კვირის ბოლოს ხორცის, კვერცხის და კომბინირებული საკვების მწარმოებელმა 19-მა კომპანიამ პრემიერ-მინისტრს, შესაბამის მინისტრებს და ბიზნესომბუდსმენს ერთობლივი განცხადებით მიმართა. მათი მთავარი მოთხოვნა ივანე მაჭავარიანის მიერ გამოცემული ბრძანების გაუქმებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები