მესტიის მუნიციპალიტეტი მომავალ წელს ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სისტემების მოწესრიგებისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი თანხის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.
„ყოველწლიურად ჩვენთვის 2 300 000 ლარია გამოყოფილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. ამ თანხით შიდა გზებისა და ბაღების მშენებლობა გვაქვს გათვალისწინებული. გარდა ამისა, ჩვენი ბიუჯეტიდან კიდევ დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ჩადებას ვგეგმავთ ამ შიდა გზების მოწესრიგებაში. შიდა სოფლებში ვიწრო გასასვლელების გაფართოებას ვგეგმავთ. ტურიზმი ფეხს იკიდებს და სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზები უნდა გაკეთდეს. ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე გავაკეთოთ ღობე-ყორეს შეწევა. მოსახლეობა მზად არის, რომ ზოგიც ნახევარი მეტრით, ზოგიც ერთი მეტრით შეიწიოს ნაკვეთი, რომ გასასვლელი დავტოვოთ“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
გარდა ამისა, მერის განცხადებით, სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემებია გასაკეთებელი.
„დაბის გარდა, არსად გვაქვს მოწესრიგებული ცენტრალური წყალი და კანალიზაცია. ამას დიდი მუშაობა სჭირდება. 160 სოფლიდან ნაწილობრივ მოგვარებული გვაქვს ეს პრობლემა უშგულში, ხაიშსა და ეცერში, დანარჩენ ადგილებში კი, დაახლოებით 140 სოფელში, ცენტრალური წყალი არსად გვაქვს. სადაც საშუალება გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოთ თანხა“, - აღნიშნა კახა ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ საერთო ჯამში, სვანეთის მუნუციპალიტეტში 800 კილომეტრი სიგრძის გზაა და თითო კილომეტრის დაგება მინიმუმ, 800 000-დან 1 000 000 ლარამდე ჯდება, ამ ხარჯის გაწევისთვის კი ამ ეტაპზე არც ადგილობრივი თვითმმართველობაა მზად და არც - სახელმწიფო.