მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა იქნება 3 ყველაზე მოთხოვნადი უნარი დასაქმებულებში? – Microsoft-ის პროგნოზი

5c729a9ad689b
ნანუკა ქუთათელაძე
24.02.19 23:00
4648
“Microsoft” ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დასაქმებულთა ჩანაცვლებას აანონსებს, - წერს CNBC.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა სამუშაო ადგილების რაოდენობას ამცირებს. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგიის ასეთი განვითარება გავლენას მოახდენს მათ სამუშაო გარემოზე და შედეგად, უახლოეს სამ წელიწადში აღნიშნული პროცესი პირდაპირად აისახება ყველა კომპანიაზე.

კომპანია “Microsoft”-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დასაქმებულთა 15% თვლის, რომ ხელოვნურ ინტელექტს არანაირი გავლენა არ ექნება სამუშაო ადგილებზე, 77% კი, დამსაქმებლისგან დახმარებას მოელის, რათა განივითაროს უნარ-ჩვევები და ცვალებად გარემოს შეეგუოს.

ჯამში, აღნიშნული პროცესი არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაში აგდებს თანამშრომლებს.

“Microsoft”-ის სინგაპურის ოფისის ხელმძღვანელი კევინ ვუ აღნიშნავს, რომ დასაქმებულები უნდა დარწმუნდნენ, რომ ისინი შეძლებენ ცვალებად სამუშაო გარემოსთან გამკლავებას. ამ შემთხვევაში, ყველა ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს საკითხს და პასუხისმგებლობის მხოლოდ თანამშრომელზე დაკისრება ყოვლად მიუღებელია.

სამი, ყველაზე მოთხოვნადი უნარი

“Microsoft”-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლისთვის პრიორიტეტული იქნება შემეცნებითი, მანუალური, საკომუნიკაციო და მექანიკური უნარ-ჩვევები, თუმცა საუბარია იმაზეც, რომ ადამიანის სოციალური, ტექნოლოგიური და შემეცნებითი შესაძლებლობები მომავალში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამას გარდა, აღნიშნულ განცხადებაში ბიზნესისთვის აუცილებელი სამი ძირითადი უნარ-ჩვევის დეფიციტის არსებობასაც ვარაუდობენ:

1. ციფრული უნარ-ჩვევები;
2. ანალიტიკური აზროვნება;
3. განგრძობადი სასწავლო შესაძლებლობები;

კევინ ვუ ხაზგასმით აღნიშნავს ახლის შესწავლის მნიშვნელობას. იგი მიიჩნევს, რომ შემეცნება კრეატიული აზროვნების განვითარებას განაპირობებს. შედეგად კი, ასეთ ადამიანს პრობლემის გადაჭრისა თუ სხვა საკითხების მიმართ თავისებური ხედვა უყალიბდება.

გუნდური მუშაობა და შემოქმედებითობა

“Microsoft”-ის სინგაპურის ოფისის ხელმძღვანელი კევინ ვუ თანამშრომლებს უკეთეს, უფრო მეტად განვითარებული უნარების მქონე კოლეგების გარემოცვაში ყოფნას ურჩევს. ის თვლის, რომ სწორედ ასეთი გარემო და გუნდური მუშაობის პრინციპი ეხმარება ადამიანს განვითარებასა და თვითრეალიზებაში.

„შემოქმედებითობა უპირველეს ყოვლისა!“

კომპანია “Sembcorp”-ის წამყვანი ციფრული ოფიცერი მეთიუ ფრიდმანი გუნდურ მუშაობასა და შემოქმედებით აზროვნებას კომპანიის მართვის ძირითად მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს.

„გასაუბრების დროს, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუ რამდენად შემოქმედებითად უდგებიან პრობლემის გადაჭრის ამა თუ იმ გზებს ადამიანები და რამდენად აქვთ გუნდური მუშაობის უნარი. თუ თქვენ აპლიკაციის შექმნას დააპირებთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ვინმე, ვინც პროგრამაში საჭირო მონაცემებს შეიყვანს, ასე რომ, დასაქმებულთა უნარი - შეძლონ ერთიანი, შეკრული გუნდის შექმნა, ნებისმიერი კომპანიის წარმატების საწინდარია!“, - აღნიშნავს მეთიუ ფრიდმანი თავის ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები