2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ოჯახი, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მოქალაქეებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2020 წლის თბილისის ბიუჯეტი და მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებელი მთლიანი პროექტების ჯამი, დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს. 2018 წელს თბილისის ბიუჯეტი 920 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონს აწევდა.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თბილისის მერის განცხადებით, უკვე დაწყებულია და გაზაფხულზე დასრულდება მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა; ასევე, დაწყებულია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე, გაზაფხულზე სრულდება; 2020 წელს განხორციელდება საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი; იგეგმება აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ქეთევან წამებულის გამზირების სრული რეაბილიტაცია.
„არ შემიძლია, არ შევეხო გამგეობების მიმართულებებს. ბიუჯეტი ამ შემთხვევაშიც, გაზრდილი იქნება, რათა გამგეობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთ რაიონებში იმაზე მეტი პროექტი განახორციელონ, ვიდრე აქამდე განხორციელებულა. საკრებულოსთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბიუჯეტით, რომელიც დამტკიცებული იქნება, გავალამაზებთ ქალაქს და ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რომელიც ქალაქს აწუხებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის მიერ ინიცირებული მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 20 მილიონი იქნება, რომელსაც დაახლოებით, 60-დან 80 მილიონამდე გარდამავალი ნაშთი დაემატება. აღნიშნულ თანხას ემატება ასევე, 200 ავტობუსისთვის განკუთვნილი ფინანსური რესურსი - დაახლოებით, 65 მილიონი ევროს ოდენობით. პროექტს მუნიციპალიტეტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ახორციელებს. აღნიშნული ავტობუსები 12-მეტრიანი იქნება, რომელიც ქალაქში არსებულ ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ თანხებს, საბიუჯეტო ხარჯები დაახლოებით, იმავე დონეზე შენარჩუნდება. კერძოდ, თუ ის 2019 წელს 336 მილიონს შეადგენდა, მისი ოდენობა მომავალ წელს 338 მილიონი იქნება.
ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით კი მთლიანი ხარჯები ავტობუსების ჩანაცვლების ჩათვლით, წლევანდელი ხარჯებისგან საგრძნობლად განსხვავებული იქნება. ასევე, მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მობილიზებული რაიონების მასშტაბით. გამგეობების დაფინანსება საგრძნობლად გაიზრდება, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ რაიონების, მათ შორის, გარეუბნების დონეზე, 2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი საგზაო და კეთილმოწყობის ღონისძიებები შესრულდეს. ასევე, დაახლოებით, 15-16 მილიონით გაიზრდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ დაფინანსება.
2020 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დედაქალაქის საკრებულო მომავალი თვიდან დაიწყებს. დედაქალაქის მერმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ბიუჯეტის პროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთონ და არსებული შენიშვნები წარმოადგინონ.