მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება შრომით მიგრაციაში: კვოტების ახალი მექანიზმი და საგამონაკლისო პროფესიები უცხოელებისთვის|სააგენტოს განმარტება

გიორგი ბუნტური

"შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში უკვე განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობები, რომლებიც ბინადრობის ნებართვის აღების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ამასთან, კომპანიას, რომელსაც 5-ზე მეტი უცხოელი ჰყავს დასაქმებული და ბრუნვა 50 000 ლარს აღემატება, სახელმწიფოსთან უცხო ქვეყნის მოქალაქე თანამშრომლების კვოტის შეთანხმების ვალდებულება ექნება - ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ბუნტურმა მედიას განუცხადა.

სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე იქნა მიღებული, რადგან რიგ სფეროებში რეგულაციების შერბილება აუცილებელი იყო.

„ცვლილება გავრცელდება, მაგალითად, სამედიცინო სექტორზე, სადაც ხშირად ჩნდება საზღვარგარეთიდან პროფესიონალი ექიმების მოკლე ვადით ჩამოყვანის საჭიროება. ასევე სპორტისა და ხელოვნების სფეროებზე, სადაც მოკლე პერიოდით მნიშვნელოვანი ფიგურების მოწვევა ხდება საჭირო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობების განსაზღვრა. იმ უცხოელებს, რომლებიც ამ წესით შემოვლენ ქვეყანაში, აღარ მოუწევთ შრომითი საქმიანობის უფლებისა და შემდგომ ბინადრობის ნებართვის აღება,“ - აცხადებს გიორგი ბუნტური.

მისივე განმარტებით, სხვა სექტორებსა და მიმართულებებზე კანონით დადგენილი სტანდარტული ნორმები ჩვეულებრივ ვრცელდება.

რაც შეეხება კვოტირების მექანიზმს, ახალი წესის მიხედვით, ნებისმიერი დამსაქმებელი, რომელსაც კომპანიაში 5 უცხოელზე მეტი ჰყავს დასაქმებული, ვალდებული იქნება წლიური კვოტა ასაქმების სააგენტოსთან შეათანხმოს. კვოტის ოდენობა პირდაპირ იქნება მიბმული კომპანიის ფინანსურ ბრუნვასთან.

„კანონმდებლობით, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებს, უცხოელებთან მიმართებით, რომელთაც საქართველოში სამეწარმეო საქმიანობა სურთ, არსებობს მინიმუმ 50 000-ლარიანი ბრუნვის ქონის ვალდებულება. შესაბამისად, კვოტის განსაზღვრისას თითოეულ უცხოელზე გათვალისწინებული იქნება სწორედ 50 000-ლარიანი ბრუნვის კომპონენტი.

თუ კომპანიას წლის განმავლობაში 5 ან ნაკლები უცხოელი ჰყავს დასაქმებული, მას კვოტის შეთანხმების ვალდებულება არ ექნება,“ - განმარტავს სააგენტოს წარმომადგენელი.

მისივე ხაზგასმით, კვოტა არ ანაცვლებს ნებართვების სისტემას. კვოტის შეთანხმების შემდეგ, დამსაქმებელი მაინც ვალდებულია, თითოეულ უცხოელ დასაქმებულზე ინდივიდუალურად მოიპოვოს მუშაობის ნებართვა.

ამასთანავე, მთავრობის დადგენილებით დაკონკრეტდა იმ სავალდებულო დოკუმენტების ნუსხა, რომელიც განმცხადებელმა ნებართვის მისაღებად უნდა წარადგინოს, რაც პროცესს უფრო გამჭვირვალესა და მარტივს გახდის. ბუნტური აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებით ახალი „დოგმატური ვალდებულებები“ არ შემოღებულა და მხოლოდ არსებული ბუნდოვანი კითხვები დაზუსტდა.

BMG-ის კითხვაზე, რომელიც კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი სამშენებლო სფეროს წარმომადგენელთა წუხილს შეეხებოდა, გაზრდილი ხარჯების შესახებ, გიორგი ბუნტური პასუხობს, რომ ნებართვების სისტემა გლობალური პრაქტიკაა და საქართველოში არსებული მექანიზმი ბევრ ქვეყანასთან შედარებით მარტივია.

„ჩვენი მიზანი არ არის ბიზნესისთვის ხელის შეშლა. მიზანია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის შემთხვევების შემცირება და პროცესის ლეგალურ ჭრილში მოქცევა. გვსურს გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რომელი სექტორებში და რა კვალიფიკაციის უცხოელები საქმიანობენ, რათა პარალელურად ვიზრუნოთ ადგილობრივი კადრების მომზადებაზე, რათა მათ ეტაპობრივად შეძლონ უცხოელი მუშახელის ჩანაცვლება,“ - აცხადებს იგი.

რაც შეეხება სტატისტიკას, 1 მარტიდან დღემდე უწყებამ რამდენიმე ათეული ათასი უცხოელის განაცხადი მიიღო, რომელთა ნაწილზე დადებითი პასუხი გაიცა, ნაწილს კი, მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, უარი ეთქვა. ბუნტურის თქმით, ოფიციალური და დეტალური სტატისტიკა წლის ბოლოსთვის გამოქვეყნდება.

მანამდე არსებულ მონაცემებზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 62 000-მდე რეგისტრირებული უცხოელი მუშახელი ფიქსირდებოდა, ბუნტური განმარტავს, რომ ეს რიცხვი მხოლოდ 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის მარტამდე პერიოდში დაქირავებით დასაქმებულებს მოიცავდა და მასში არ შედიოდნენ თვითდასაქმებული უცხოელები. გიორგი ბუნტურის თქმით, საქსტატის საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყანაში 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი უცხოელების რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად მეტია.

სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე რეფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანას ყოველწლიურად ჰქონდეს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სტატისტიკური მონაცემები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები