მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ჯდება და ვინ აწარმოებს ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს?

ბოლნისის სიონი

ბოლნისის სიონის რეაბილიტაციისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 1.4 მილიონი ლარის ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომლის გამარჯვებულიც "შპს თაუერს +"-ია ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და 2027 წელს უნდა დასრულდეს.

საქმე ის არის, რომ გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც რეაბილიტაციის აქტიური პროცესი ჩანს და მოქალაქეები სვამდნენ კითხვას, რამდენად შეესაბამება სტანდარტებს მიმდინარე სამუშაოები იმ ფონზე, როცა ძეგლი V საუკუნით არის დათარიღებული და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

bm.ge ტენდერის დეტალებით დაინტერესდა. შესყიდვის მიხედვით, რეაბილიტაციისთვის 2025 წელი 571,130.00 ლარი, 2026 წელს - 571,130.00 ლარი, 2027 წელს - 285,563.00 კი იხარჯება.

გამარჯვებული კომპანიის მფლობელი "შპს თაუერს +" -ის მფლობელი და დირექტორი ვახტანგ მარგიანია. ხელშეკრულების ამოწურვამდე დარჩენილია 1075 დღე.

სააგენტოს ინფორმაციით კი, სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი 1970-იან წლებში ბეტონის დუღაბზე მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟია. კვლევებმა აჩვენა, რომ მის ქვეშ ადრინდელი პერიოდის იატაკი და პილასტრების ბაზებია შემონახული. ახალი პროექტი ითვალისწინებს:

  • ძველი ბაზალტის ფენის მოხსნას არქეოლოგიური ზედამხედველობით;
  • იატაკის ნიშნულის რამდენიმე სანტიმეტრით დაწევას სვეტების პროპორციების უკეთ აღსაქმელად;
  • ახალი, ღია ფერის ქვის იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამუშაოებისას გამოყენებული მექანიკური საშუალებები არ უქმნის საფრთხეს ძეგლის მდგრადობას. პროცესი სპეციალისტებისა და არქეოლოგების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები