ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფი -Guns N' Roses 40-წლიანი სცენაზე დგომის გამოცდილებისა და მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი მელოდიების შექმნის შემდეგ, საკმაოდ ძვირად ღირებულ ბენდად ჩამოყალიბდა. ამ დროის მონაცემებით, თითოეულ ქვეყანას, რომელსაც ამ როკ ჯგუფის კონცერტის ჩატარების სურვილი აქვს, 2.5-6 მილიონი დოლარის ფარგლებში თანხა აქვს გადასახადელი.
ასეთ ქვეყნებს შორის წელს საქართველოც ხვდება. თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არაა, რამდენს გადაიხდის ქვეყანა Starring Georgia-ს ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული კონცერტის ჩატარებაში.
როკ ბენდის კონცერტი შეკვეთილში, ციცინათელას პარკში 30 მაისს გაიმართება. Black Sea Arena-ს თანახმად, ბილეთის მინიმალური ღირებულება 280 ლარი იქნება, ამასთან იქნება 450 ლარიანი ბილეთებიც. ხოლო ბილეთის მაქსიმალური ფასი 1000 ლარს შეადგენს.
ბილეთების გაყიდვა 20 იანვარს, 11:00 საათზე პლატფორმა TKT.ge-ზე დაიწყება. ხოლო მათ, ვინც Starring Card-ს ფლობს, მათთვის ბილეთების გაყიდვა 18 იანვარს, 11 საათიდან დაიწყება და ორი დღით ადრე შეეძლებათ Pre Sale-ით, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
დავინტერესდით, პარალელურად იმ ქვეყნებში, სადაც წელს როკ ჯგუფი კონცერტებს გამართავს, რა ღირს კონცერტზე დასწრება.
წელს ბენდი ტურნეს საუდის არაბეთიდან იწყებს, შემდეგ კი აბუ-დაბიში აგრძელებს. ამ უკანასკნელში ბილეთის ღირებულება 86 ევროდან იწყება და 825 ევრომდე მერყეობს.
მათ შემდეგ - 30 მაისს საქართველოს ჯერია, მომდევნო თურქეთია, კერძოდ, სტამბოლში, სადაც ყველაზე ბიუჯეტური ბილეთის ფასი 100 ევროდან იწყება, ყველაზე ძვირად ღირებულის საფასური კი 1 500 ევროსაც აღწევს.
ამის შემდეგ როკ ჯგუფი ტურს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აგრძელებს. მათ შორის პორტუგალიაში, სადაც ფასები 110 ევროსა და 1 700 ევროს შორის მერყეობს.
ესპანეთში 109 ევროდან იწყება და 900 ევრომდე იზრდება. ჩეხეთში კი კონცერტზე დასასწრები ყველაზე ბიუჯეტური ბილეთის ფასი 170 ევროა, ყველაზე ძვირად ღირებული 750 ევრო.
Guns N' Roses წელს კონცერტს გერმანიის ორ ქალაქში - დიუსელდორფსა და მიუნხენშიც გამართავს. გერმანული ქალაქების ფასებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაში დიუსელდორფი, სადაც ბილეთების ბიუჯეტი 88-900 ევროს შორის მერყეობს, მიუნხენთან შედარებით მცირედით შეღავათიანია, სადაც საფასური 127 ევროდან იწყება და ასევე 900 ევრომდე იზრდება.
რეალურად, ევროპის ქვეყნებში ფასები, დაახლოებით ერთნაირ დიაპაზონში მერყეობს - 100 ევროდან 900 ევროს ფარგლებში.
როკ ჯგუფი კონცერტებს გაერთიანებულ სამეფოში, ინგლისში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ლიტვაში, პოლონეთში, უნგრეთში, სერბეთში, ბულგარეთში, ავსტრიასა და ლუქსემბურგში გამართავს. ამ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული დანიაა - აქ ბილეთის საფასური 500 ევროდან იწყება და 1 500 ევრომდე მერყეობს.
მსმენელისთვის ყველაზე ბიუჯეტური კი პოლონეთში, ვარშავაში გამართული კონცერტი აღმოჩნდება. აქ ბილეთის ფასი 55 ევროდან იწყება, რაც მაგალითად, სულ რომ ლარში გადავიყვანოთ, Starring Georgia-ს მიერ ორგანიზებული კონცერტის ყველაზე დაბალ ფასიან ბილეთზე ბიუჯეტურია, თუმცა, ცხადია, შედარებისას ევროდან ლარში თანხების გადაყვანა არასწორია. ვარშავის კონცერტის ყველაზე ძვირად ღირებული ბილეთის საფასური 800 ევროა.