“რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ანაკლიის პორტს იმ ტრანზაქციასთან, რომელიც მოხდა ბანკში? არანაირი!”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუხა ბახტაძემ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა მის მოსაზრებას, ფიქრობს თუ არა ისიც, რომ მამუკა ხაზარაძე პრივილეგირებული ბიზნესმენია?
“რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს და მის საქმიანობას. აქ მინდა გავაკეთო 2 განმარტება: პირველი, პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ყველა ადამიანს, ვინც ერთ სამუშაო ადგილს მაინც ქმნის. ეს არის ჩვენი მთავრობის ფილოსოფია. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ თუ ნებისმიერი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მამუკა ხაზარაძე, მამუკა ბახტაძე თუ სხვა. თუ მას ექნება მცდელობა, რომ შეკითხვის შემთხვევაში გადაამისამართოს ეს შეკითხვა არასწორი და არარელევანტური მიმართულებით, ეს იქნება უპასუსხიმგებლო დამოკიდებულება.
ის საქმე, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის კონკრეტული საკითხი, არის იქ ბევრი პროფესიული ნიუანსი, რომელიც უკავშირდება საბანკო საქმიანობას და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პორტთან. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება სრულიად არამართებულად ამის გადატანა. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ანაკლიის პორტს იმ ტრანზაქციასთან, რომელიც მოხდა კომერციული ბანკის შემადგენლობაში? არანაირი! მაშინ რატომ ხდება ამის აღრევა? “,- აცხადებს მამუკა ბახტაძე.

























