მიმდინარე წლის 6 თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებისთვის გაცემულმა შრომითმა გასამრჯელომ 1,741,201 ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი მცირედით არის გაზრდილი, ვინაიდან გასულ წელს, ეს მაჩვენებელი 1 584 700 ლარს შეადგენდა.
წლის I კვარტალში ხარჯი 813 228 ლარს შეადგენდა, ხოლო მეორე კვარტალში - 927 973 ლარს.
აღსანიშნავია, რომ გარდა ადმინისტრაციის თანამშრომლებისა, ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურება. საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განსაზღვრულია 8 773 ლარის ოდენობით და მასზე სხვა სახის შრომის ანაზღაურება (დანამატი, პრემია) ბიუჯეტიდან არ გაიცემა.
რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისთვის ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა:
ქვეყნის შიგნით ვიზიტებისათვის: 1900 ლარი;
საზღვარგარეთ ვიზიტებისათვის: 233 015 ლარი;
bm.ge-იმ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას თუ რამდენ საჯარო მოხელეს ასაქმებს, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. ოფიციალური პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.


























