ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა პარლამენტმა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის განცხადებას მხარი დაუჭირა. ბჟანიამ პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება ე.წ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.
ამას წინ უძღოდა საზოგადოების პროტესტი. კერძოდ, 15 ნოემბერს „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარშემო არსებული ღობე მოარღვია, ტერიტორიაზე შეაღწია და ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები დაიკავა. ისინი დეფაქტო პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ.
ე.წ-მა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გადადგომის მზაობა პროტესტის მეოთხე დღეს იმ პირობით გამოთქვა, თუ აქციის მონაწილეები დეფაქტო სამთავრობო შენობებს დატოვებდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კვლავ გეგმავდა. თანამდებობიდან თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო ე.წ პრემიერმაც. მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის მოვალეობას ე.წ ვიცე პრეზიდენტი ბადრა გუმბა შეასრულებს.
რას ნიშნავს სოხუმის პროტესტი თბილისისთვის, რა ვითარებაა დღეს აფხაზეთში და როგორ შეიძლება განვითარდეს იქ მოვლენები?
სტუმარი: ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი