ავღანეთი და პაკისტანი მეზობლად მდებარე მუსლიმური სახელმწიფოები არიან, რომელთაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ. თუმცა ბოლო წლებში, ორ ქვეყანას შორის მდებარე სასაზღვრო ზონაში დაძაბულობა გაჩნდა, რაც ავღანეთის ტერიტორიაზე მომძლავრებულ ტერორისტულ დაჯგუფება “თეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანს”, იგივე TTP-ის უკავშირდება.
პაკისტანის მოლოდინი, თითქოს თალიბანი უფრო თანამშრომლური მოკავშირე გახდებოდა, არ გამართლდა, რადგან გასულ წელს, საზღვრისპირა ტერორიზმმა პიკს მიაღწია. 2024 წელს ტერორისტული თავდასხმების შედეგად პაკისტანში 2,500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა სწორედ ზემოხსენებული ორგანიზაციის ქმედებებს ემსხვერპლა.
ტერორიზმთან ბრძოლაში პაკისტანი ავღანეთის ერთ-ერთი უდიდესი მოკავშირე იყო და ქვეყანას ეხმარებოდა, როგორც შეიარაღებით, ასევე თავშესაფრით და ფინანსებით — ეს ყველაფერი იმ იმედით ხდებოდა, რომ რეგიონში მშვიდობა დაისადგურებდა. თუმცა მოხდა ისე, რომ TTP-ის წინააღმდეგ ამ ურთიერთობის ბერკეტად გამოყენება ოფიციალურმა ისლამაბადმა ვერ შეძლო.
პაკისტანის სამხედრო და დიპლომატიურმა ზომებმა, მათ შორის 800,000 ავღანელი ლტოლვილის დეპორტაციამ, საზღვრების ჩაკეტვამ და ავღანეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებმა, პრაქტიკული შედეგი ვერ გამოიღო, რადგან თალიბანმა პაკისტანის საზღვრიდან TTP-ის მებრძოლების მხოლოდ მცირე რაოდენობის დისლოკაცია შეძლო. თავად ავღანეთი კი თეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ბრძოლის დაწყებას იმიტომ ვერ ბედავს, რომ შიდა ამბოხის და ISIS-ის ავღანური ფილიალის, IS-KP-ის გაძლიერების რისკს ხედავს.
აღნიშნული ორგანიზაციები ავღანეთის ტერიტორიაზე დიდწილად იმ მრავალმილიარდიანი სამხედრო ტექნიკის დახმარებით მომძლავრდნენ, რომელიც იქ აშშ-ის სამხედრო ძალებმა დატოვეს, როცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით ტერიტორიიდან ძალიან მოკლე დროში გავიდნენ. TTP-ის გაძლიერება ასევე დაემთხვა ავღანეთის ციხეებიდან მებრძოლების გათავისუფლებას, რაც, საბოლოო ჯამში, პაკისტანში დესტაბილიზაციის წყაროდ იქცა. თავად ეს კი, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას საფრთხეს უქმნის.
ანალიტიკოსების აზრით, პაკისტანმა „სტრატეგიული შეცდომა“ დაუშვა, როდესაც ივარაუდა, რომ ავღანეთის ხელისუფლაბაში მყოფილი თალიბანი მის იდეოლოგიურ მოკავშირე TTP-ზე, მასშტაბურ მრავალწლიან იერიშს მიიტანდა ან, მარტივად რომ ვთქვათ, ომს გამოუცხადებდა. პაკისტანს და ავღანეთს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები წლიდან წლამდე ძლიერდება და ღრმავდება, ამგრამ, მზარდი საზღვრისპირა ძალადობა კვლავაც სერიოზულ და გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება.




























