მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება, როცა პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება საკონსტიტუციოშია გასაჩივრებულია და როგორ გაიმართება პირველი სხდომა? - საია

GYLA
20.11.24 14:35
33

რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ახალარჩეულ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ გაიმართება პირველი სხდომა - ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აკეთებენ.

საია-ში აცხადებენ, რომ პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.

"ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სულ მცირე 76 დეპუტატი.[1] სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია.[2] მას ცესკოს თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.[3]

დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და შედეგებს ასახავს დადგენილების პროექტში, სადაც უნდა აისახოს არჩეული დეპუტატების სახელები უფლებამოსილების ცნობის მიზნით.[4] აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.[5] ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.[6]

შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება. დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას. როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, ცესკოს თავმჯდომარე ამ მოვლენის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში მოიწვევს პარლამენტის სხდომას.[7]

ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში", - განმარტავენ საიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები