დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან კითხვები, ძირითადად, სამ თემაზე გააჩნია.
ამის შესახებ კობერიძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.
„მე, კობა ნარჩემაშვილმა, ბიძინა გეგიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა წერილით ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ერთად მივმართეთ, რომ პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრაზე მოსულიყო, სადაც მას საშუალება მიეცემა:
1. წარმოადგინოს 8-თვიანი ნამუშევარი ანგარიშის სახით;
2. ისაუბროს იმ ხედვებზე, რაც მას ჰქონდა და რის განხორციელებასაც აპირებდა;
3. დაისვას ის კითხვები, რომელიც აქტუალურია მისი თანამდებობიდან წასვლის ირგვლივ და ასევე, საინტერესოა, ეკონომიკის განვითარებაზე რა ხედვები გააჩნდა.
მის განცხადებებიდან გამომდინარე, ის თვლიდა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის და მე სწორედ ეს კითხვები მაქვს“, - განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის: გიორგი ქობულია პარლამენტში ხვალ, 13:00 საათზე მივა.

























