მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა კითხვები აქვთ ხე-ტყის მომპოვებელ და რეალიზატორ კომპანიებს

5b72de72576a7
თელარა გელანტია
14.08.18 17:57
1002
საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე, ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც bm.ge-ის საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ რა ღონისძიებები განხორციელდება მომავალში, რათა კანონის ფარგლებში მოექცეს ხე-ტყის მოპოვებისა და რეალიზაციის სფეროში მომუშავე საწარმოების საქმიანობა.

თავის მხრივ, ბიზნესმენები დაინტერესდნენ, როგორი იქნება საამქროების ფუნქციონირების შემდგომი ბედი.

მათი თქმით, კომპანიებს დამკვეთებთან აქვთ ნაკისრი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ვერ ხდება.

„მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს ბიზნესის საქმიანობას, დაარეგულიროს და კანონის ფარგლებში მოაქციოს ხე-ტყის ნედლეულის მოპოვებისა და რეალიზაციის სფერო, რათა ამ მიმართულებით ქვეყანაში არაკონტროლირებადი ბაზარი არ არსებობდეს“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი სახერხი საამქროების ინვენტარიზაციას ატარებს.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებელთა, ასევე გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა - მხილების მიზნით.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე წლის 26 ივლისიდან ერთდროულად იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში განხორციელდა.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება. გამოვლინდა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროები. საერთო ჯამში, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ხე-ტყის გადამამუშავებელ 700-ზე მეტ საწარმოში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები