კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე ამბობს, რომ საწვავის ბაზრის მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება, რაც ერთგვარი პრევენციული ინსტრუმენტია, რომ მოთამაშეებმა შეთანხმებულად არ იმოქმედონ.
მან მონიტორინგის უახლეს შუალედურ ანგარიშზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა. გიორგი ქედელიძემ განმარტა, თუ რა კომპონენტებისგან ფორმირდება საწვავის საცალო ფასი და რაზე ამახვილებს სააგენტო ყურადღებას შეფასების დროს.
მისივე თქმით, რთულია პროგნოზი, რამდენად სტაბილურად შენარჩუნდება ვითარება, რამდენადაც ეს მნიშვნელოვანწილად ნავთობის გლობალურ ფასებზეა დამოკიდებული.
"შესაძლებელია კონკრეტული პროგნოზი გავაკეთოთ და საერთოდ არ გამართლდეს. მეტწილად დამოკიდებულია, თუ რა მოხდება საერთაშორისო ბაზარზე. ახლო პერიოდში ალბათ უფრო ნაკლებად სავარაუდოა რაიმე არსებითი ცვლილება მოხდეს საერთაშორისო ბაზარზე, შესაბამისად ფასის ცვლილებას, მით უმეტეს ზრდის მიმართულებით არ უნდა ველოდოთ და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფასი უცვლელად არის შენარჩუნებული. ალბათ საზოგადოებისთვის ისიც იქნება საინტერესო, თუ რა კომპონენტებისგან შედგება საწვავი. მაგალითად, როდესაც საწვავის საცალო ფასი არის 3 ლარი, დაახლოებით, აქედან დამატებითი ღირებულების გადასახადი არის 45 თეთრი და რა თქმა უნდა, საწვავის ფასი როდესაც იზრდება, დამატებითი ღირებულების გადასახადიც იზრდება, გამომდინარე იქიდან, რომ გასაყიდი ფასი განსაზღვრავს. არის აქციზის გადასახადი, რომელიც დაახლოებით ბენზინზე არის ერთ ლიტრზე 37 თეთრი, დიზელზე 34 თეთრი. კომპანიებს აქვთ საოპერაციო ხარჯებიც, რომელიც მერყეობს დაახლოებით 15-20 თეთრის ფარგლებში და შესაძლებელია მოგების მარჟა რაც რჩებათ გადასახადებამდე კომპანიებს იყოს 10-12%. გამოქვეყნებული ანგარიში არ არის სრულად ის, რასაც სააგენტო აკეთებს, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ინფორმაცია არის კონფიდენციალური და ვერ გავასაჯაროებთ. ჩვენ ყოველკვარტალურად, თითოეული კომპანიის, თითოეული სახეობის საწვავს ვსწავლობთ, თუ როგორ იცვლებოდა მისი ფასი, სწორედ ამ მდგენელი ფაქტორებიდან გამომდინარე. თუ მოხდება ისე, რომ საერთაშორისო ბაზარზე, მაგალითად, არ გაძვირდება ნედლი ნავთობის ფასი, ლარი არ გაუფასურდება, მაგალითად, ვცდილობ ხაზი გავუსვა იმ ფაქტორებს, რაც საცალო ფასის ფორმირებაზე ახდენს გავლენას და კომპანიები მაინც გაზრდიან ფასს, შესაბამისად, გაიზრდება მათი მოგების მარჟა. ჩვენ ამ შემთხვევაში, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ პირველადი კომუნიკაცია გვაქვს ხოლმე კომპანიებთან, ხომ არ არსებობს ისეთი რაიმე ფაქტორი, რაც ჩვენთვის არ იყო იმ პერიოდში ცნობილი. მსგავსი ასე ვთქვათ ქმედებები განვახორციელეთ, მათ შორის 2022 წელშიც და როდესაც კომპანიების მხრიდან ვერ იქნა ახსნილი მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, უკვე კომპანიები დაჯარიმდნენ. შესაბამისად, ამ ბაზარზე მონიტორინგი არის მუდმივი, განგრძობადი და ჩვენ არც უახლოეს მომავალში ვაპირებთ ამ მონიტორინგის შეწყვეტას, ისევ და ისევ ბაზრის მნიშვნელობიდან და სიდიდიდან გამომდინარე",- განაცხადა გიორგი ქედელიძემ.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ბენზინისა და დიზელის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ფასების როგორც შემცირება, ასევე ზრდა თანხვედრაში იყო საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან და იმპორტირებული საწვავის ფაქტობრივ ღირებულებასთან - კომპანიების მარაგების და ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.
რა აჩვენა GCCA-ს საწვავის ბაზრის მონიტორინგმა?




























