მთავრობა ეკონომიკური ატაშეების შერჩევას იწყებს. კომერციული ატაშეების შერჩევის პროცესი 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომეერციული ატაშეების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, ატაშეების შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს - განაცხადების გადარჩევა, სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე ფორმით შეფასება (წერითი დავალება, პრეზენტაცია, ენის ცოდნის დადგენა, გასაუბრება და ა.შ.) და სავალდებულო სწავლება.
კანდიდატს მოეთხოვება არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, დადგენილია ასევე უცხო ენების ცოდნის ვალდებულებაც.
სამინისტროს ცნობით, საკონკურსო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება. განაცხადის შეტანის მსურველებმა განაცხადი დასაქმების სახელმწიფო პორტალის HR.GOV.GE საშუალებით უნდა გააგზავნონ.
დეტალური ინფორმაცია განთავსებული იქნება ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. საკონკურსო განაცხადი ასევე განთავსდება დასაქმების სხვა საიტებზეც.
კომერციული ატაშეები თავდაპირველად 6 ქვეყანაში დაინიშნებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შერჩეული კანდიდატები შესაბამისი გადამზადების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ შემდეგ ქვეყნებში - აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

























