მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მდგომარეობაა ბრილიანტების ბაზარზე?

ბრილიანტი

ბრილიანტების გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება. ბრილიანტების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებლის, De Beers-ის გენერალური დირექტორის, ალ კუკის შეფასებით, შობამდე პერიოდში აშშ-ში მოთხოვნამ წლიურად 8%-ით იმატა, რაც ინდუსტრიაში ოპტიმიზმს აჩენს.

პარალელურად ამისა, ინდოეთმა ჩინეთს გადაასწრო და ბრილიანტებისთვის სიდიდით მეორე ბაზარი გახდა, სადაც ბუნებრივ ქვებზე მოთხოვნა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება. გლობალური ბაზრის გამოცოცხლება, დიდწილად, სწორედ ინდოეთს უკავშირდება, რადგან ჩინეთში, ბოლო წლებში, ბრილიანტებზე, ისევე, როგორც სხვა ფუფუნების საგნებზე, მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.

ბრილიანტები, ძვირფასი სამკაული, მაღალი მოდის ბრენდები და მექანიკურ საათები ჩინეთში განსაკუთრებით უყვართ, მაგრამ ის მანამ გრძელდება, სანამ ჩინელებს ფუფუნების საგნების საყიდლად საკმარისი ფული აქვთ. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში ფული ძვირდება, რასაც თან ქვეყანაში გაღვივებული უძრავი ქონების კრიზისი და ინფლაცია ემატება. ასეთ დროს, გამდიდრებული ჩინელების ფულის დიდი ნაწილი სხვა მიმართულებით იხარჯება, რაც ფუფუნების საგნების მწარმოებელი კომპანიების შემოსავალზე უარყოფითად აისახება.

ძვირფასი ქვების ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა ლაბორატორიაში დამზადებული ბრილიანტების გამოჩენამ, რის გამოც De Beers-მა ბუნებრივი ქვების ფასი 10%-ით შეამცირა. ლაბორატორიაში დამზადებული ბრილიანტი, როგორც ცნობილია, ვიზუალურად და სტრუქტურულად ბუნებრივის იდენტურია, მაგრამ მისი წარმოება გაცილებით იაფია, რაც ფასებზე აისახება.

რაც შეეხება De Beers, კომპანია ბრიტანულმა ბიზნესმენმა, სესი როუდსმა 1888 წელს, სამხრეთ აფრიკაში დააფუძნა. დღეს, კომპანიის 85%-იან წილს ბრიტანული ჰოლდინგი Anglo American-ი ფლობს, როცა მინორიტარ აქციონერად ბოტსვანის ხელისუფლებას ვხვდებით. კომპანია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ბოტსვანაში, ნამიბიაში და სამხრეთ აფრიკაში ოპერირებს.

საინტერესო ისტორია უკავშირდება კომპანიის სახელწოდებას, რომელიც სამხრეთ აფრიკაში დასახლებული ორი ჰოლანდიელის, დიდრიკ არნოლდუს და ბიარის და იოჰანეს ნიკოლაას და ბიარის გვარს უკავშირდება. ეს ადამიანები სამხრეთ აფრიკაში ფერმას ფლობდნენ, სადაც მე-19 საუკუნეში ალმასები აღმოაჩინეს. აღნიშნული ფერმა ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც De Beers-მა ალმასების მოპოვება დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები