მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მექანიზმებს განიხილავს სამინისტრო ფარმაბაზრის რეგულირებისთვის? - "კურაციოს" მკვლევარი

61dc1bd4121b8
მარიამ ვარადაშვილი
10.01.22 17:00
342
გასული წლის ბოლოდან ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების დოკუმენტს ამუშავებს, რომელმაც ბაზარზე თამაშის ახალი წესები უნდა განსაზღვროს. მთავრობის გაცხადებული მიზანი მედიკამენტებზე მოქალაქეთა დანახარჯების შემცირება და მასზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" მკვლევარი ლელა სულაბერიძე BMG-სთან ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთ მექანიზმად გარე რეფერენტულ ფასწარმოქმნას (გრფ) განიხილავს. ამ მექანიზმზე “კურაციომ” ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმ უპირატესობებზე, რაც აღნიშნულ მექანიზმს გააჩნია. კერძოდ, წერია, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნა (გრფ) მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენების შედეგად შესაძლებელია მედიკამენტები მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

“პარლამენტის წევრებთან შეხვედრა, ჯერჯერობით, არ გვქონია და ჯერ არც დაგეგმილა. ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ვიცით, თავად სამინისტრო ამ მექანიზმსაც განიხილავს. კერძოდ, შეხვედირდან გავიგეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ერთ-ერთ ვერსიად ესეც განიხილოს მედიკამენტებზე ფასების რეგულირებისთვის. ეს შეხვედრა დეკემბრის ბოლოს შედგა. მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა; როცა ჩვენ მსგავს შეხვედრებს ვატარებთ, პრეზენტაციას რისკებისა და სარგებლის შეფასება მოჰყვება ხოლმე. ამ ტიპის ინფორმაცია გავცვალეთ შეხვედრაზე. რაც შეეხება სამინისტროს მხარეს, არ შემიძლია იმაზე საუბარი რას და როგორ გეგმავს, მაგრამ როგორც მივისმინეთ გარკვეულ პაკეტს აკეთებენ და სამინისტრო აპირებდა ჯგუფებში სხვადასხვა მექანიზმზე მსჯელობას, ხოლო ამის შემდეგ რეგულირების პაკეტი შემუშავდებოდა”, -აცხადებს სულაბერიძე.

BMG-მ თამარ გაბუნიასთანაც სცადა დაკავშირება. გვსურდა გაგვეგო კიდევ რა მექანიზმებს განიხილავს სამინისტრო გრფ-თან ერთად და ამ მექანიზმის რა ნაწილია მათთვის მისაღები/მიუღებელი. გაბუნიამ ჩვენს ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა. 

გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის (გრფ) მექანიზმი გულისხმობს შემდეგს: კონკრეტული ქვეყანა, რომელშიც გრფ ინერგება მედიკამენტების ფასების შესახებ ინფორმაციას იღებს სხვა ქვეყნებიდან და ფასის გამოთვლის მეთოდოლოგიის გამოყენებით ადგენს საკუთარ ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტისთვის კონკრეტულ ფასს. გრფ-ს მეშვეობით სახელმწიფო წინასწარ შერჩეული მედიკამენტების ჯგუფის ანაზღაურებისთვის განსაზღვრავს ზღვრულ ფასს, რომელსაც სახელმწიფო გადამხდელი ან სადაზღვევო კომპანია იყენებს მოსახლეობისთვის მედიკამენტების ანაზღაურებისთვის. გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა იყენებს.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტმა განაცხადა, რომ მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუმცა კონკრეტულად არ უთქვამს რა გადაწყვეტილებებს გულისხმობდა. ამას გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ აპირებენ თურქეთის ბაზრის გახსნასაც, რათა აქედან მაღალი ხარისხის მედიკამენტები შემოვიდეს, რაც მისი თქმით, მედიკამენტებს გააიაფებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები