ალასკაში გამართულ ისტორიულ სამიტზე, უკრაინის თემის განხილვის პარალელურად, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მელანია ტრამპის წერილიც გადასცა. “მშვიდობის წერილი” - ასე ეწოდება ამერიკის პირველი ლედის მიერ შედგენილ და ხელმოწერილ ტექსტს, რომელშიც საუბარი ბავშვებზეა. მელანია ტრამპი პუტინის ჰუმანურობაზე საუბრობს და მას უკრაინის ომის საფრთხისგან ბავშვების დაცვას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას სთხოვს.
პირველი ლედის წერილი, მეტწილად პოეტურ ენაზეა დაწერილი და მკაფიო, მკვეთრი განცხადებებისა თუ მოწოდებებისგან სრულადაა დაცლილი. მაგალითისთვის, ის პუტინს სთხოვს, “აღადგინოს ბავშვების მელოდიური სიცილი” და დაიცვას მათი სიწმინდე კონფლიქტებით დამძიმებული მსოფლიოსაგან. ამ მხრივ, მელანიას უკრაინა ან ომის დაწყებისას გატაცებული ბავშვები არ უხსენებია, თუმცა სამიტზე ამ სიტყვების გაჟღერება, სავარაუდოდ, სწორედ უკრაინელი ბავშვებს ეხებოდა. ცნობისთვის, 2023 წელს ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი სწორედ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონოდ და მასობრივად გადასახლების გამო გამოსცა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, პუტინმა წერილი ადგილზე მყოფი 5 მომლაპარაკებლისა და თარჯიმნების თანდასწრებით, გადაცემისთანავე წაიკითხა. უცნობია, როგორი იყო მისი რეაქცია, თუმცა ვიცით, რომ უკრაინის ლიდერმა მელანია ტრამპს წერილის დაწერისთვის მადლობა გადაუხადა და გატაცებული უკრაინელი ბავშვებისადმი ემპათიის გამოხატვისთვის შეაქო.




























