"საქსტატის" მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 60.3% მხოლოდ ტურისტები იყვნენ, ექსკურსანტების წილმა 34.6% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.1% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი – 37.3%, მეგობრების, ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა. ამ მხრივ, 26.3%–ით მეორე ადგილზეა საყიდლებისთვის ვიზიტები, მესამეზე – პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა (18.2%), მეოთხეზე – დასვენება, გართობა, რეკრეაცია (12.8%), მეხუთეზე კი – მკურნალობა, გაჯანსაღება (3.4%).
"საქსტატის" ცნობით, ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა, შესაბამისად, 255.3 ათასი და 117.9 ათასი ვიზიტი.
საერთო ჯამში, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 617.5 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 1 100.7 ლარს გაუტოლდა.