მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზნით განახორციელა AstraZeneca-მ Summit Therapeutics-ში $2 მილიარდის ინვესტიცია?

Summit Therapeutics

სამედიცინო ინდუსტრიის ინგლისურმა გიგანტმა, AstraZeneca-მ Summit Therapeutics-ში $2 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა და ამერიკულ კომპანიასთან ერთობლივი კვლევების წარმოებაზე შეთანხმება გააფორმა.

არსებული ინფორმაციით, ბრიტანული კომპანია Summit Therapeutics-ის ახალ პრივილეგირებულ აქციებს შეიძენს. გარიგების დასრულების შემდეგ ის ამერიკული პარტნიორის ჩვეულებრივი აქციების დაახლოებით 12%-იან წილს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის პოტენციური ზრდის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი შესაძლოა 10.6%-მდე შემცირდეს. თავად საინვესტიციო პროცესის დასრულებას კი მხარეები ერთი კვირის ვადაში ელიან.

რაც შეეხება ინვესტიციის მიზნობრიობას, ახალი პარტნიორობა მიზნად კუჭ-ნაწლავის კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტული მედიკამენტების კომბინირებულ კვლევას ისახავს. მხარეები Summit Therapeutics-ის ექსპერიმენტულ პრეპარატ "ივონესკიმაბს" AstraZeneca-ს კუთვნილ მედიკამენტ "სონესიტატუგ ვედოტინთან" ერთად გამოცდიან.

განმარტებისთვის, პრეპარატი "ივონესკიმაბი" არის ბისპეციფიკური ანტისხეული, რომელიც PD-1 და VEGF-ის ცილებს ერთდროულად ბლოკავს. ამ ცილებიდან პირველი სიმსივნეს იმუნური პასუხის დათრგუნვაში ეხმარება, მეორე კი სიმსივნის ზრდისთვის აუცილებელი სისხლძარღვების წარმოქმნას განაპირობებს.

ცნობისთვის, Summit Therapeutics-მა პრეპარატ "ივონესკიმაბის" ჩინეთის ფარგლებს გარეთ განვითარებისა და კომერციალიზაციის უფლებები ჩინური ბიოფარმაცევტული კომპანია Akeso-სგან შეიძინა.

ამჟამად მედიკამენტი კლინიკური კვლევების მესამე ფაზას გადის, ჩინეთში კი ის ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოთი დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები