მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბიომწარმოებლებისთვის დონორების დახმარებას? – GRETA-ს მისია

61fcf48f1b7ed
თათია ჩაფიჩაძე
04.02.22 15:02
2951
ბოლო წლებში მსოფლიოში ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ორგანული საკვები უფრო გემრიელთან და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოსთან ასოცირდება. საერთაშორისო ორგანიზაცია FIBL-ის (ორგანული აგროპროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) კვლევები აჩვენებს, რომ მოთხოვნის პარალელურად იზრდება ბიოპროდუქტების მნიშვნელობა და წარმოების არეალი. მათ მიერ 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროპული, ორგანული ბაზარი 2019 წელს 8%-ით 45 მილიარდ ევრომდე გაიზარდა და ეს ტენდენცია ზრდადია. ყველაზე მეტ ბიოპროდუქტს გერმანია, საფრანგეთი და იტალია ყიდულობს.

იგივეს ადასტურებენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა: IFOAM (International Federation of Organic Agriculture Movements), FAO (Food and Agriculture Organization), UNEP (United Nations Environment Programme) და სხვა.

მსოფლიო ტრენდს ნელი ტემპებით მიჰყვებიან ქართველი მეწარმეებიც. საქართველოში წარმოებული ბიოპროდუქტების რეალიზაციის მოცულობა ევროპაში 2016 წელს 75%-ით გაიზარდა და 405 ტონა შეადგინა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში ორგანული პროდუქტების საცალო გაყიდვების წლიური მაჩვენებელი 12,6%-ით გაიზარდა და 2015 წელს 27,1 მილიარდი ევროს მოცულობის იყო, თუმცა ადგილობრივებისთვის ორგანული პროდუქტების მოყვანა რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი მთავარი საკითხი სერტიფიცირების პროცესს, მსოფლიო ბაზარზე პროდუქტების პოპულარიზაციას და ამისთვის საჭირო თანხების სიმცირეს უკავშირდება. ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს კი სწორედ დონორი ორგანიზაციები და პროგრამები ასრულებენ.



სწორედ ორგანული სოფლის მეურნეობა და მწვანე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ დაფინანსებული პროექტის - GRETA-ს სამიზნე მიმართულებები. პროექტი სამ რეგიონში - ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ხორციელდება. პროგრამის დახმარებით ბენეფიციარებს ტრეინინგების მეშვეობით ცოდნის გაღრმავების, ტექნიკურ-მატერიალური ბაზის შესყიდვის, სერტიფიცირების სუბსიდირების დონეზე დახმარების, მარკეტინგული შეფუთვის და სტრატეგიების შექმნის შესაძლებლობა ეძლევათ.

სწორედ მათი მეშვეობით ადგილობრივი ორგანული ჩაისა და თაფლის მწარმოებელებს საშუალება ჰქონდათ „დუბაი ექსპო 2021 ნატურალური და ორგანული პროდუქტების გამოფენაში“ მიეღოდ მონაწილეობა, რომელიც 6-8 დეკემბერს გაიმართა. გამოფენაზე 7 მწარმოებლის მიერ 6 ჩაის და 2 თაფლის პროდუქტი იყო წარმოდგენილი.

ქართველმა ბიომწარმოებლებმა ადგილზე საბითუმო მოვაჭრეებთან, რეექსპორტიორებთან წინასწარ დაგეგმილი B2B შეხვედრები გამართეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის ახალი კონტაქტები დაამყარეს. შედეგად კომპანია „გეო ნატურალი“ რამდენიმე კონტრაქტის გაფორმებას ელის.

„აღმოსავლეთ ქვეყნების ორგანული და ნატურალური პროდუქტების გამოფენა დუბაი 2021“- თვის პროექტის აქტიური მხარდაჭერით ჩვენ მზადება სექტემბრიდან დავიწყეთ. პროექტმა უზრუნველყო არა მარტო ამ გამოფენაში მონაწილეობა, არამედ გამოფენისთვის მომზადებაც, რაც ითვალისწინებდა ციფრული მედიისთვის მასალების - როგორც ვიდეო-რგოლების, ასევე ფლაერების და ბუკლეტების დამზადებას და მათ განთავსება ციფრულ პლატფორმებზე. ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაცია ამ გამოფენის პლატფორმაზე წინასწარ განვათავსეთ, რაც საშუალებას აძლევდა სხვადასხვა ვიზიტორს წინასწარ ენახათ ჩვენი პროდუქტები და ჩაენიშნათ ადგილზე შეხვედრები; GRETA-ს მხრიდან სწორად დაგეგმილი ორგანიზების შედეგად სადაც ჩვენი სტენდები იყო განთავსებული, იქ ხალხის საკმაოდ დიდი ნაკადი მოძრაობდა; რაც მთავარია ხშირი ტესტირება და დაგემოვნება ხდებოდა ჩვენი პროდუქციის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ წარმატებული იქნება და გავაფორმებთ რამდენიმე კონტრაქტს“- აცხადებს „გეო ნატურალის“ დამფუძნებელი გიორგი იაშვილი.



6 მწარმოებელთან ერთად გამოფენაში მონაწილეობდა ორგანული ჩაის მწარმოებელი კომპანია „აგროკულტურა +“ რომელიც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ერთ-ერთი წარმომადგენელია. კომპანიის დამფუძნებელი გიგა კიპაროიძე გვიყვება, რომ გამოფენაზე მათთვის ყველა დეტალი გათვალისწინებული და ორგანიზებული იყო, რამაც ვიზიტორების დაინტერესება უზრუნველყო.

„ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მიერ დაფინანსებით პროექტ GRETA-ს ფარგლებში 41 ათასი ევროს მოცულობის გრანტი მივიღეთ, რომელიც დანადგარების შეძენისთვის გამოვიყენეთ, თუმცა ამ გრანტით არ დამთავრებულა ჩვენი დახმარება და ურთიერთობა. იმის შემდეგ, რაც დანადგარები ჩამოვიდა და მანამდეც, სულ კომუნიკაციაში ვიყავით, ყოველკვირას გვაქვს ონლაინშეხვედრები, ვისახავთ მიზნებს და ამოცანებს. ამის ნაწილი იყო დუბაიში ვიზიტი, რისთვისაც მანამდე ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ. ყველა რეგიონში ჩავიდა მათ მიერ გამოგზავნილი მედიაჯგუფი, რომლებმაც გადაიღეს ვიდეო კოლაჟები, დამზადდა ფლაერები, ბიზნესბარათები, ეს ყველაფერი განთავსდა პლატფორმაზე, სადაც ყველა ქვეყნიდან თავმოყრილია ორგანული პროდუქტები, რომელსაც ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, შენც გხედავენ, რომ ფლობ ამ ორგანულ პროდუქტს და დაინტერესება მოდის. იქ წერია ფასებიც, რაოდენობაც. ეს ყველაფერი აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე მათი ფინანსური მხარდაჭერით მოხდა, გამგზავრებაც და ყველა ნაბიჯი, რაც დაგვჭირდებოდა, გათვლილი იყო.

„დუბაი ექსპოზე“ ჩვენი პავილიონი იყო ძალიან კარგ ადგილას - ლამაზი და სადა; ვიზიტორებიც, ძირითადად, ჩვენთან ჩერდებოდნენ, აგემოვნებდნენ ჩაის, თაფლს. ჩაის 6 და თაფლის 1 მწარმოებელი იყო წარმოდგენილი და ძალიან ხანგრძლივ დისკუსიაში შემოდიოდნენ. ინტერესდებოდნენ როგორ მოგვყავდა, სად მდებარეობდა, მოკლედ ამ ურთიერთდისკუსიაში ძალიან ბევრი ისეთი აზრი იბადებოდა, რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. ამ ვიზიტს მოჰყვა გამოხმაურება მას შემდეგ, რაც ჩამოვედით საქართველოში. 9-ში დავბრუნდით და რამდენიმე წერილი დაგვხვდა ქართული ორგანული ჩაით დაინტერესებული კომპანიებიდან, რაღაც ინტერესები არის და იმედია, რომ ეს შედეგს გამოიღებს“ - ამბობს გიგა კიპაროიძე.



პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესზე კიდევ უფრო იზრდება. ამ პროცესში კი საქართველოს სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში თავისი ნიშის დაკავების შესაძლებლობა აქვს. GRETA-ში აცხადებენ, რომ პირველ ექსპო გამოფენას მომავალი წლიდან სხვა არაერთი ნაბიჯი და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მოჰყვება, რაც ქართველ ბიომწარმოებლებს ევროპულ ბაზარზე გზას გაუხსნის.



ბლოგში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს BM.GE-ს ინტელექტუალურ საკუთრებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები