მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოეთხოვება თანამედროვე არქიტექტორს? - ახალი კანონპროექტი

5bb2fd75a2630
დავით ჯალაღონია
02.10.18 09:06
1182
საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა არქიტექტორების სერტიფიცირების სისტემის შემუშავებისთვის კანონპროექტი დაწერა, რომელიც ამ პროფესიის წარმომადგენლებს გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უყენებს.

კანონპროექტი ეხება იმ პირებს, რომლებსაც არქიტექტურული საქმიანობის განხორციელება დამოუკიდებლად, ბიუროს, სტუდიის, ან სხვა დაწესებულების ფარგლებში სურთ და პროექტების ავტორები თავად არიან. სწორედ აღნიშნული პირებისთვის სერტიფიკატის მიღება სავალდებულოა. არსებული დოკუმენტის მიხედვით, არქიტექტორისთვის სერტიფიკატს საქართველოს არქიტექტორთა პალატა გასცემს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე აღნიშნავს, ეს ჩანაწერი კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებამდე, ან მას შემდეგ, შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა სერტიფიცირების ორგანო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი უნდა იყოს.

რაც შეეხება იმ კრიტერიუმებს, რაც სერტიფიკატის მიღებისთვის არქიტექტორმა უნდა დააკმაყოფილოს, კანონპროექტში ასეთი ჩამონათვალია:

„სერტიფიკატის გაცემის საფუძველია;

ა) სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება;
ბ) უმაღლესი არქიტექტურული სკოლის მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული
სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დიპლომი;
გ) სპეციალობით მუშაობის სამი ან მეტი წლის პრაქტიკული გამოცდილების სტაჟი, მათ
ავტორობით ან თანაავტორობით შექმნილი ნამუშევრების ფოტო მასალები;
დ) სატესტო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი ან/და უწყვეტი პროფესიული
განვითარების პროგრამის გავლის დოკუმენტი;
ე) სასერტიფიკატო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი“, - წერია კანონპროექტში.

არქიტექტორთა სერტიფიცირების პროცესს კანონპროექტის ცალკე მუხლი არეგულირებს, რომლის მიხედვით, ტესტირების ჩატარების წესი, თემატიკა და თარიღი ქვეყნდება არქიტექტორთა პრაქტიკის რეგულირების კომისიის მიერ, უფლებამოსილ კვალიფიციურ პროფესიულ გაერთიანებასთან შეთანხმებით. თავად კომისიის სტრუქტურას კანონი განსაზღვრავს. ამავე დოკუმენტის თანახმად, სატესტო გამოცდები წელიწადში ორჯერ გაიმართება, წარმატებული არქიტექტორებისთვის გადაცემული სერტიფიკატის ვადა კი სამი წელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები