რა მოეთხოვებათ ინვესტორებს, რომლებიც გარანტირებული პირობებით არ სარგებლობენ?
დავით ჯალაღონია
13.11.18 16:00
• 646
საქართველოს მთავრობამ იმ ელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების ეკონომიკის სამინისტროსთვის წარდგენისა და პირობების დამტკიცების თაობაზე მიიღო დადგენილება, რომლებიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს არ წარმოადგენს.
2018 წლის 31 ოქტომბრის, N515 დადგენილების თანახმად, პროექტის განხორციელებით დაინტერესებულმა პირმა განსაზღვრული დოკუმენტაცია, მათ შორის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის წინასწარი კვლევა ეკონომიკის სამინისტროს უნდა წარუდგინოს. მიღებულ განაცხადს სამინისტრო ერთი თვის ვადაში განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ წინადადებებს მთავრობა მოიწონებს, მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
აღნიშნული დადგენილება ასევე, ინვესტორის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენის პირობებს ითვალისწინებს. მთავრობა მოითხოვს, რომ მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმებიდან 30 დღის ვადაში, ინვესტორმა ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს წინასამშენებლო, ან სამშენებლო საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა ბანკის სააქციო კაპიტალის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
„წინასამშენებლო გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისთვის 5 000 აშშ დოლარის, ან მისი ეკვივალენტის ევროში ოდენობით, ხოლო სამშენებლო გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას ელექტროსადგურის, ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, 100 მეგავატი სიმძლავრის ჩათვლით, ყოველი მეგავატისთვის - 100 000, ხოლო 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურის, ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში, ყოველი მეგავატისთვის 50 000 აშშ დოლარის, ან მისი ეკვივალენტის ევროში ოდენობით“, - წერია მთავრობის დადგენილებაში.
აქვე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტების განმახორციელებელი შეიძლება, წინასამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდეს.