მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოეთხოვებათ ირანიდან და ინდოეთიდან ტურისტებს? – ქვრივიშვილის პასუხი კერძო სექტორს

5d2e30be304d8
დავით ჯალაღონია
17.07.19 10:00
2287
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს პასუხობს, რომლებიც ირანიდან და ინდოეთიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემებზე საუბრობენ.

"ჩვენი ქვეყანა ღიაა ყველა იმ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოდის ტურისტული მიზნებისთვის და ხაზს გავუსვამდი ამ მიმართულებას, შესაბამისად, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოში ტურისტულად ჩამოდის და აქვს და აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც შესაძლებელია მოითხოვოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე შესაბამისმა უწყებამ, რომელიც არ განსხვავდება არაფრით ევროკავშირის ყველა ქვეყნის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი დოკუმენტებით და ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მარტივ დოკუმენტაციაზე, როგორიც არის ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშნები და დამადასტურებელი თანხობრივი შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მოგზაურობისას უზრუნველყონ თავიანთი თავი და ოჯახის წევრები, ჩვენ დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაფერი გააჩნიათ და აქვთ იმის საშუალება, რომ დაადასტურონ საჭიროებისამებრ, არავითარი პრობლემა არ ექმნებათ საზღვარზე.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავაკეთეთ კერძო სექტორის მოთხოვნით შესაბამისი რეკომენდაცია წერილობით, თუ რა დოკუმენტები უნდა იქონიონ ტურისტებმა საქართველოში მოგზაურობისას და ჩვენი უკუკავშირი, რომელიც ამ ეტაპზე კერძო სექტორთან გვაქვს, იუწყება იმას, რომ საკმაოდ მორგებულია და მათთვის ბევრად უფრო გამჭვირვალეა ეს პროცესი", – განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.

კითხვაზე, რატომ გამოირჩევიან საქართველოში შემოსვლის მსურველებს შორის ირანელი და ინდოელი ვიზიტორები პრობლემებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პასუხად აღნიშნავს, რომ სწორი დასკვნის გამოსატანად ყველა მაგალითი ინდივიდუალურად არის განსახილველი.

"მაგალითად რომ ავიღოთ, მათ შორის, ინდოეთი, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს მრავალჯერადად გამოყენებადი აშშ–ის, ევროკავშირის, კანადის, ან მსგავსი კატეგორიის ვიზა და ჩავთვალოთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ზოგადად სამოგზაურო გამოცდილება აქვს ფაქტობრივად ინდოეთში, ისევე როგორც ირანში, ან თუნდაც ჩინეთში, ამ ადამიანებს საერთოდ ვიზა არ სჭირდებათ ჩვენს ქვეყანაში შემოსასვლელად", – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ Check in Travel-ის დამფუძნებელმა ია გედევანიშვილმა გადაცემაში "საქმიანი დილა" ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების უკან გაბრუნების ფაქტებზე ისაუბრა.

ია გედევანიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ როცა ტურისტი ვიზას ონლაინ იღებს ანუ ამაში იხდის ფულს და ლოგიკურად, აქვს ნებართვა რომ შემოვიდეს საქართველოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასაზღვრო პოლიცია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყნიდან აბრუნებს.

მისი თქმით, თუ პრობლემა მოგვარდება, ინდოეთისა და არაბული ქვეყნებიდან შემომავალი ტურისტების რაოდენობა, 50%-70%-ით გაიზრდება და ეს შესაძლოა მიმდინარე თვეშიც მოხდეს, რადგან ინდოელები გეგმავენ სწრაფად და სწრაფადვე ჩამოდიან.

"ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეივსება ბაზარი და შესაბამისად, ტურისტული სეზონი არ ჩავარდება ქვეყანაში. 230-კაციანი ტურისტული ჯგუფი მყავს ინდოეთში, რომელსაც უნდა საქართველოში მოგზაურობა და მელოდებიან, ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს თავზე და ვუთხრა, რომ ისინი საზღვარზე უპრობლემოდ შემოვლენ, თუმცა ამას ვერ ვეუბნები.

ვერ ჩამოვიყვან, მეშინია, რომ უხერხული მდგომარეობა არ შეიქმნას და სერიოზული ზარალი არ მიადგეს კომპანიას, მათი ქვეყანაში არშემოშვების შედეგად. ეს საკითხი სცდება ჩემს პასუხისმგებლობას, ხოლო ვისი პასუხისმგებლობაცაა, ვგულისხმობ, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათთან ამ თემაზე შეხვედრა არ გვქონია და არ ვიცით აზრი, თუ როგორ უყურებენ ისინი ამ საკითხს, არ გვაქვს არგუმენტი რატომ არ ამარტივებენ, რატომ არ უშვებენ ან როდის შეიძლება მოგვარდება ეს პრობლემა. ამიტომაც დიდი სურვილი გვაქვს და ძალიან ველოდებით ამ შეხვედრას, თუკი ის საერთოდ დაიგეგმება", - აღნიშნა Check in Travel-ის დამფუძნებელმა.

გარდა ამისა, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ტურისტები ირანიდან, არაბული ქვეყნებიდან და ინდოეთიდან საქართველოში ჩამოსასვლელად მზად არიან, თუმცა მათ სავიზო პრობლემები ექმნებათ.

"ამ ხალხისთვის სავიზო რეჟიმის თემაა ძალიან მნიშვნელოვანი და ის თემა, რომ ჩვენ უკვე შარშან და შარშანწინ გაგვაბრუნეს აეროპორტებიდან და წელს რომ ჩამოვიდეთ, რა გარანტია ვაქვს, რომ ისევ უკან არ გაგვაბრუნებენო. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ საბუთების სწორად მოგვარებაშიც დავეხმაროთ, თუმცა ირანს როცა ველაპარაკებით, ირანელებისთვის ეს იყო დამცირება, როცა საზღვრიდან მასიურად აბრუნებდნენ - მგზავრების თითქმის 30%-ს უკან უშვებდნენ ხოლმე და ეს მიიღეს როგორც დამცირება და საკმაოდ რთულად ხდება ამ ხალხის უკან შემოტრიალება, საკმაოდ გვიჭირს ამ ხალხთან ურთიერთობა", – განმარტა შალვა ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები