მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოლოდინებია ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით - განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ლარი და მოლოდინები
14.11.24 13:21
3321

თიბისი კაპიტალმა განაახლა მთავარი ეკონომისტის მიმოხილვა, რომელიც მიმდინარე კვირაში ლარის გაცვლითი კურსის მოლოდინებს უკავშირდება.

"უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რასაც წმინდა სავალუტო შემოდინებები და სებ-ის სავალუტო ინტერვენციები აბალანსებდა. ამდენად, ამ მხრივ გაუფასურების დამატებითი ზეწოლა აღარ იკვეთება, თუმცა ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არც ვალუტის მკვეთრ მიწოდებაზეა საუბარი. არადა, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დაგროვილი სავალუტო ბუფერი მართალია არც სებ-ის საერთაშორისო რეზერვების ტოლფასია, მაგრამ არც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და, შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის არსებითად განმსაზღვრელი ფაქტორია.

ამ ფონზე, რა შეიძლება ითქვას პროგნოზების კუთხით? ჩვენი, ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდიდან მოყოლებული საბაზო სცენარი, რომელიც წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის დაახლოებით 2.8 კურსს ითვალისწინებს, მცირედით, მაგრამ მაინც შეიცვალა და ამჯერად საორიენტაციო ნიშნული უფრო სადღეისო, დაახლოებით 2.73-ით განისაზღვრება. ამასთან, ლოგიკური კითხვაა, თუ დაგროვილი სავალუტო ბუფერები მასშტაბურია და ასევე, თიბისის ოპერატიულ ინფორმაციასა და ოქტომბრის სავაჭრო ბალანზე დაყრდნობით, წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერია, რატომ არ არის განახლებულ საბაზო სცენარში ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება? ვფიქრობთ, რომ ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი არსებობს. პირველი, დაგროვილი ვალუტის ბაზარზე მიწოდება ჯერ კიდევ არ ფიქსირდება. მეორე, მიწოდების შემთხვევაშიც, სებ-ის სავალუტო რეზერვების შევსება უფრო მეტად ალბათურია, ვიდრე ლარის მნიშვნელოვანი გამყარება. თავის მხრივ, ეს დაშვება შემდეგ არგუმენტებს ეფუძნება. ოქტომბრის წლიური ინფლაცია მხოლოდ 0.3 პროცენტს შეადგენს და, ლარის მნიშვნელოვანი გამყარების შემთხვევაში, დეფლაცია სულ მცირე არაა გამორიცხული, რაც, მაღალი ინფლაციის მსგავსად, პოზიტიურ განვითარებად არ აღიქმება. ასევე, ჩვენი შეფასებით, სხვადასხვა მიდგომის გამოყენებით, სადღეისოდ ლარი მის, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა და, შესაბამისად, დამატებით გამყარების არგუმენტები ამ მხრივაც არ არის. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ ვალუტის საკმაო ოდენობით გაყიდვის შემდეგ, საერთაშორისო რეზერვების შევსებაც საკმაოდ წონადი არგუმენტია. რაც შეეხება ლარის სეზონურობას, ჩვენი შეფასებით, ბოლო წლებში სეზონური თავისებურება ნაკლებადაა გამოკვეთილი, რაც ბაზრის მონაწილეთა უფრო მეტი გათვითცნობიერებულობის და, შედეგად, ლარის ყიდვა-გაყიდვის კუთხით შესაბამისი ქცევით არის გამოწვეული. ამასთან, თავისთავად, როდესაც მხოლოდ აშშ დოლართან გაცვლით კურსზე ვსაუბრობთ, არსებითია დოლარის სხვა ვალუტებთან გაცვლითი კურსის დინამიკაც. ამ მხრივ, საშუალოვადიან პერსპექტივაში დოლარის შედარებით დასუსტება კვლავ საბაზო სცენარია, თუმცა, ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში საწინააღმდეგო არგუმენტები უფრო გამოიკვეთა და, მეორე მხრივ, უფრო ახლო პერსპექტივაში დოლარის დასუსტება ნაკლებ ალბათურია.

სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, აღსანიშნავია, რომ თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, ოქტომბერში და ნოემბრის დასაწყისშიც ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერია. საკუთრივ, ჩვენი პროგნოზირების მოკლევადიანი ჩარჩოს მიხედვით, ოქტომბრის ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 9%-ს შეადგენს, თუმცა, ამჯერად მინიმალური და მაქსიმალური ნიშნულის ამპლიტუდა შედარებით უფრო მაღალია.

ასევე აღსანიშნავია, რომ, ლარზე დამატებითი ზეწოლის მილევისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის კლების ფონზე, დეკემბრის შეხვედრისას სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება ამჟამად მეტადაა მოსალოდნელი, ნაცვლად ჩვენი ადრინდელი პროგნოზისა, რომელიც განაკვეთის 8%-იან ნიშნულზე უცვლელად დატოვებას ითვალისწინებდა,"- ნათქვამია მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები