მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოლოდინია გაზის ტარიფზე აზერბაიჯანთან 20-წლიანი ხელშეკრულების ფონზე? - დავით ნარმანიას პასუხი

გაზი

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ჯერჯერობით აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე დეტალები არ იცის, თუმცა გაკეთებული განცხადებები მეტყველებს, რომ საქართველო გაზს გრძელვადიან პერიოდში შედარებით შეღავათიან ფასად მიიღებს. მან ამის შესახებ BMG-ს განუცხადა.

18 მაისს ბაქოში ვიზიტისას საქართველომ და აზერბაიჯანმა გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ 20 წლით გააგრძელეს. ირაკლი კობახიძე არ ამბობს "დამატებითი გაზის" განახლებული ხელშეკრულებით რამდენ მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს საქართველო აზერბაიჯანიდან, თუმცა ირწმუნება, რომ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ შეიცვლება.

როგორც ნარმანია ამბობს, გაზის ნაწილში სატარიფო პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს უწევს. მისი თქმითვე, პრემიერის განცხადების შესაბამისად, მოსაწოდებელი გაზის ფასები იქნება ისეთი, რომ არსებული ტარიფები შენარჩუნდეს.

"განცხადებები, რომელიც გაკეთდა, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კვლავაც საქართველო გრძელვადიან პერიოდში შედარებით ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასად მიიღებს, რომელიც ჩვენ მოსახლეობის ტარიფის დადგენაში დაგვეხმარება. გაზის ნაწილში სატარიფო პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს უწევს. კონკრეტული დეტალები, ჩვენთვის, როგორც მარეგულირებლისთვის, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, ამაზე მთავრობა გააკეთებს ალბათ მომავალშიც დამატებით ინფორმაციას და მერე უკვე მარეგულირებელ კომისიასაც ოფიციალურად ეცნობება ამის თაობაზე. ჩვენ გამოვიყენებთ ამ ყველაფერს მიმდინარე წლის ბოლოს, ბუნებრივი აირის ტარიფების დასადგენად.

ჯერჯერობით, მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოსაწოდებელი გაზის ფასები იქნება ისეთი, რომ ეს მოგვცემს არსებული ტარიფების შენარჩუნების საშუალებას. სხვა დანარჩენი დეტალები, როცა ყველაფრის გადაანგარიშება მოხდება, რა თქმა უნდა, გახდება ცნობილი", - ამბობს ნარმანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები