მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რა მოლოდინიც გვქონდა, მთლად ვერ გამართლდა“ - როგორი იყო 2023 წელი „Inn ჯგუფისთვის“ და რატომ?

სასტუმრო

„Inn ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას შეფასებით, მისი ჯგუფის სასტუმროებისთვის, რომელიც თბილისში „ივერია ინნ“-ს, გორში - „გორი ინნ“-ს და ქუთაისში - „ქუთაისი ინნ“-ს აერთიანებს, 2023 წელი ისეთი შედეგიანი არ იყო, როგორსაც ელოდნენ. მიმდინარე წლის ტურიზმის აღდგენისა და ზრდის მაჩვენებლებზე ერეკლე კოკაიამ გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

„ტურიზმის მხრივ გაუმჯობესება არის და ტურისტების მატებაც შეინიშნება, თუმცა რა მოლოდინებიც გვქონდა, მთლად ვერ გამართლდა... სხვადასხვა ბაზრის და სხვადასხვა პრობლემების გამო, ზრდა ისეთი არ იყო, როგორსაც ველოდით“, - აღნიშნა კოკაიამ.

სასტუმროების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ ტურიზმში არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები არაფერს იძლევა, თუ ისინი რეალურ გავლენას არ ახდენენ დარგის წარმომადგენლებს. კოკაია ქვეყანაში განთავსების ობიექტების სიმრავლეზე საუბრობს და ამბობს, რომ ბიზნესის ამგვარ განვითარებას, ტურიზმში უფრო მეტი ზრდა სჭირდება. დარგის წარმომადგენელი იმასაც აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორის მოთამაშეებს დღეს მოგებიანობა შემცირებული აქვთ.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ტურისტების რაოდენობის ზრდა საკმარისი არ არის. საქართველოში იზრდება კონკურენცია, გვემატება სასტუმროები და გვემატება საწოლფონდი, შესაბამისად ტურიზმის ზრდა ბევრად მეტი უნდა იყოს, ვიდრე ამ დასარჩენი საწოლი ოთახების ზრდა. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, დადებითი არ არის. სტატისტიკას როგორც გინდა ისე შეატრიალებ და აჩვენებ, მაგრამ როგორ აისახება ეს რიცხვები ინდუსტრიაზე - სხვაა. შეიძლება შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ დღეს ინდუსტრიაში ბევრად მეტი ბიზნესია. ანუ კითხვაზე - გაგვეზარდა თუ არა მოგებიანობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მოგებიანობა ინდუსტრიაში შემცირებულია. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითი ტენდენციაა და იმისთვის რომ ეს ტენდენცია გამოვასწოროთ, აუცილებელია, რომ ეს ზრდა ბევრად მეტი უნდა იყოს, ვიდრე არის. 3-4-5% კარგია, მაგრამ 10-15% გვჭირდება“, - განმარტავს კოკაია.

კითხვას - რა დატვრითვით მუშაობდნენ წლის განმავლობაში „Inn ჯგუფის“ სასტუმროები, აღმასრულებელი დირექტორი სხვადასხვა სასტუმროს მაგალითზე პასუხობს და ამბობს, რომ რეგიონებში ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია.

„სასტუმროების დაკავებულობის მაჩვენებელი პერიოდზეა დამოკიდებული. მაღალ სეზონზე ზრდა 90%-ც გვქონდა. მაგალითად იმერეთში „ქუთაისი ინნ"-მა ისეთი კარგი შედეგები აჩვენა, რომ 90%-ს დიდი ხანია, თითქმის ყოველ თვე აჭარბებს. ეს აჩვენებს რომ რეგიონებში ძალიან დიდი პოტენციალია, მით უმეტეს „გორი ინნ"-ის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიდა ტურიზმიც საქართველოში კარგად მუშაობს. ამ მხრივ დიდი პოტენციალია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობაც გააქტიურებულია და საქართველოს შესწავლა დაიწყეს, რაც ძალიან კარგია“, - ამბობს “Inn ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებსა და სხვა რეგიონებში განვითარებას - ქსელის გაფართოებას, ამ შემთხვევაში ერეკლე კოკაია განმარტავს, რომ ეს ტურისტულ ნაკადებზეა დამოკიდებული და მიიჩნევს, რომ 2024 წელი ინდუსტრიისთვის 2023-ზე უკეთესი იქნება.

„ყოველთვის ვაკვირდებით ამა თუ იმ რეგიონს რამხელა პოტენციალი აქვს. „გორი ინნ“-ის მშენებლობა რომ დავიწყეთ, ყველა იმას კითხულობდა - რატომ გორი? დავინახეთ, რომ ამ ადგილს როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი დამსვენებლის მოზიდვა შეეძლო. მთავარი იყო რომ სწორი პროდუქტი შეგვექმნა, რაც გამოგვივიდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებში განვითარების გეგმებს, ეს დამოკიდებულია რეალურ მაჩვენებლებზე და არა მხოლოდ იმ სტატისტიკაზე, რომელსაც სახელმწიფო გვაწვდით, არამედ რეალურად რა შედეგი იდება ხოლმე, ანუ რამდენად მოგებიანია ინდუსტრია, რადგან კერძო სექტორს პროექტების განხორციელება ბანკის სესხებით გვიწევს. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რისკების მაქსიმალურად გათვლას ვცდილობთ. ის თუ სად იქნება ჩვენი შემდეგი პროექტი დამოკიდებულია შემდეგი წლის მონაცემებზე - რამდენად კარგი მაჩვენებელი გვექნება“, - აღნიშნა კოკაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები