საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკულ კომპანიებთან ინვესტიციების ხუთწლიანი მოცულობები შეათანხმა.
დღესვე ამ საინვესტიციო გეგმის საფუძველზე, სემეკმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში დენის 5 თეთრით, კომერციული სექტორისთვის კი 4-6 თეთრით გაძვირებას. კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ შემდეგ ხუთ წელში ენერგოკომპანიები ჯამში 1.4 მლრდ ლარის ინვესტირებას განახორციელებენ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ამას გარდა, "ენერგო პრო ჯორჯია" მთავრობასთან შეთანხმებით, საკუთარი მოგებიდან დამატებით 129 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს.
კერძოდ, სემეკის ინფორმაციით, სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 2026-2030 წლების განმავლობაში, წელიწადში, საშუალოდ 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს - ჯამურად, 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, კომპანია, მესამე მხარის დაფინანსებით, დამატებით უზრუნველყოფს 3 წლის განმავლობაში ჯამურად 129 მლნ ლარის ინვესტირებას განაწილების ქსელში, რომელიც სამომხმარებლო ტარიფში არ აისახება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სს „ენერგო პრო ჯორჯია“ აპირებდა ხუთ წელში დაახლოებით 1.5 მლრდ ლარის დახარჯვას, თუმცა ნარმანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომპანიას წელიწადში დაახლოებით 300 მლნ ლარი რომ დაეხარჯა, მაშინ ტარიფი არა 5 თეთრით, არამედ 6 თეთრით გაძვირდებოდა, ამიტომ კომპანიას საინვესტიციო გეგმა 200 მლნ ლარამდე შეუმცირეს.
"დედაქალაქში, „თელასის“ არეალში, ხუთი წლის განმავლობაში დამტკიცებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 400 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საშუალოდ წლიურ 80 მილიონ ლარს უდრის. რაც შეეხება „ენერგო-პროს“ ქსელს, თავდაპირველად წარმოდგენილი იყო წლიური 300 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, თუმცა კორექტირების შედეგად საშუალო წლიურ მაჩვენებლად 200 მილიონი ლარი დამტკიცდა. შესაბამისად, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ხუთწლიანი საინვესტიციო გეგმა 1 მილიარდ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, „ენერგო-პრომ“ აიღო დამატებითი ვალდებულება: კომპანია სამი წლის განმავლობაში, საშუალოდ წლიურად, დამატებით 43 მილიონ ლარს დახარჯავს ისე, რომ ამ თანხის ასახვას ტარიფში არ მოითხოვს. ჯამში, რეგიონების მომხმარებელთა კეთილდღეობისა და მომსახურების გაუმჯობესებას დამატებით 129 მილიონი ლარი მოხმარდება, რაც ტარიფზე გავლენას არ მოახდენს", - განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება "თელასს", კომპანიის მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ "თელასთან" საინვესტიციო გეგმა სემეკმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შეათანხმა.
კომისიაში აცხადებენ, რომ ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1,5 მლრდ ლარზე (ენერგო პრო ჯორჯიას მიერ მთავრობასთან შეთანხმებული 1.29 მლნ ლარის ჩათვლით) მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
"1,5 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში პირველად განხორციელდება, რაც გულისხმობს ავარიული წყვეტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემების მოკლე დროში გადაჭრას", - აცხადებენ სემეკში.




























