2025 წელს, რეგულაციების ფონზე საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოტანილი პიროტექნიკის ღირებულებამ $2.5 მლნ შეადგინა, ხოლო მოცულობამ - 37 ტონა.
შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში პიროტექნიკის იმპორტი $3.6 მლნ იყო, მოცულობა კი 130 ტონას აღწევდა. შედეგად, ღირებულებაში იმპორტი 28.5%-ით შემცირდა, ხოლო ფიზიკურ მოცულობაში კლება 71.5%-ს შეადგენს, რაც ბაზარზე მიწოდების მკვეთრ შემცირებაზე მიუთითებს.
გასული წლის განმავლობაში საქართველომ პიროტექნიკა ოთხი ქვეყნის ბაზრიდან შეიძინა. ყველაზე დიდი წილი ბულგარეთზე მოდის - $2.1 მლნ-ის ღირებულების და 18 ტონის პიროტექნიკა. მეორე ადგილზეა მონტენეგრო, საიდანაც ქვეყანაში $309 ათასის ღირებულების, 10 კილოგრამი პროდუქცია შემოვიდა. ჩინეთიდან 2025 წელს საქართველომ $102 ათასის ღირებულების, 18 ტონის პიროტექნიკა შეიძინა, ხოლო თურქეთიდან იმპორტმა მხოლოდ $6 ათასი და 10 კილოგრამი შეადგინა.
BM.GE დაინტერესდა, ვინ არიან ძირითადი იმპორტიორები, რომლებიც საქართველოში პიროტექნიკას შემოაქვთ. თუმცა, საქსტატმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეს მონაცემები კონფიდენციალურია და საჯაროდ გამოქვეყნებას არ ექვემდებარება.




























