მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოთხოვნებით მიმართავენ "ივენთ" კომპანიები მთავრობას - იგეგმება აქციაც

5eea04aeb03c9
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.20 16:25
1134
"არ გვინდა, რომ ასე, ერთი ხელის მოსმით მოგვიწიოს ნულიდან ბიზნესის აწყობა" - ამის შესახებ გასართობი ცენტრების კომპანიების წარმომადგენელმა დავით გაფრინდაშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, "ივენთ" კომპანიებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე ორი აქცია გამართეს, მაგრამ მთავრობის მხრიდან ამ აქციებს გამოხმაურება არ მოჰყოლია.

„პირველ აქციაზე ვითხოვდით, რომ გამოგვხმაურებოდა ვინმე, ვისაც გავესაუბრებოდით ჩვენი პრობლემების შესახებ. ვთოხვდით, შუამავლობა გაეწიათ როგორც საიჯარო ვალდებულებებზე, ასევე, საბანკო ვალდებულებებზე, თუმცა მათი მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა და კი ვნახეთ "მზიურის" გრანდიოზული გახსნა, როდესაც ჩვენ გვეკრძალება გარე ღონისძიებების ჩატარება და ამით შემოსავლების მიღება.

როდესაც ვატარებთ გარე ღონისძიებას, სადაც დაშვებული რაოდენობა არის 10 ადამიანი და ამათგან მხოლოდ ჩვენი სტაფიდან 4 კაცი, ფიზიკურად შეუძლებელია ამ რაოდენობით ღონისძიების ჩატარება. ჯარიმების მიხედვით რომ გადავიანგარიშოთ, ერთი გარე ღონისძიების ჩატარება მინიმუმ 16 000 ლარი დაგვიჯდება, თუმცა ვერ ვრისკავთ ამას და არ მივდივართ კანონის წინააღმდეგ და ვთხოვთ, უბრალოდ, მათი მხრიდან იყოს ხელშეწყობა და დაშვებული იყოს გარე ღონისძიებების ჩატარება.

მაგალითად: ბავშვთა გასართობი ცენტრების შემთხვევაში, ვეუბნებით, რომ ზუსტად იმ დისტანციის დაცვით, როგორც მუშაობს რესტორანი, ავმოქმედდებით, თუმცა მათი მხრიდან პასუხი, სამწუხაროდ, უარყოფითია. როგორც რესტორანში კონტროლდება დისტანცირება, თერმოსკრინინგის ჩატარება და ა.შ. ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება“, - ამბობს დავით გაფრინდაშვილი.

მისი თქმით, მთავრობის კანცელარიასთან „ივენთ“ კომპანიები აქცია პერფომანსს გამართავენ, რათა მათი ღონისძიებების უსაფრთხოების აფიშირება მოახდინონ.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ერთხელ მოგვცენ გარე ღონისძიების ჩატარების შანსი, ნახონ, რომ ის უსაფრთოხების ნორმების დაცვით ჩატარდება. ამ დღეებში ვგეგმავთ მთავრობის კანცელარიასთან აქცია პერფორმანსის გამართვას, სადაც ყველა ბავშვთა გასართობი ცენტრისა და ივენთ კომპანიის წარმომადგენელი გამოვალთ და საკუთარი ძალებით საკუთარ თავებს ჩავუტარებთ პროგრამას, რომ დავანახოთ რას ვითხოვთ“, - აღნიშნა მან. 

ღონისძიებების ჩატარების ნებართვა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და მეიჯარეებთა შუამდგომლობა - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლითაც „ივენთ“ კომპანიები მთავრობას მიმართავენ.

„მარტის დასაწყისიდან დახურულები ვართ. ჩვენთვის ძალიან დიდი ხელშეწყობაა, რომ საბანკო ვალდებულებები გადავადებულია, თუმცა 80%-ს მაინც აქვს არასაბანკო ვალდებულება - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხები, რომელსაც არ შეეხო გადავადება და აქტიურად ითხოვენ თანხის დაბრუნებას ყოველთვიურად და 4-დღიან ვადაგადაცილებაზეც ძალიან დიდ პროცენტს გვარიცხავენ, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.

საიჯარო ვალდებულებებს რაც შეეხება, ეს არიან ფიზიკური პირები, რომელთა ნაწილმაც ხელი შეგვიწყო, თუმცა გვინდა, ხელშეწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი წელი ნაშენები ობიექტები, რაზეც უამრავი ათასი ლარია დახარჯული, არ გვინდა, რომ ასე ერთი ხელის მოსმით, იმის გამო, რომ 2 თვე ქირა ვერ გადავიხადეთ, დაგვაცლევინონ და მოგვიწიოს ნულიდან ბიზნესის აწყობა“, - განაცხადა გასართობი ცენტრების წარმომადგენელმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები