ვაჭრობის დივერსიფიცირება, ინფრასტრუქტურის განვითარება, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რაც მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა უკვე მოუტანა. ამის შესახებ “საქმის კურსის” ეთერში მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Maib-ის გენერალური დირექტორი გიორგი შაგიძე აცხადებს.
შაგიძის განმარტებით, მოლდოვა მოლაპარაკების პროცესის დასრულებას 2028 წლისთვის ელოდება, მხოლოდ 2030 წლისთვის არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ გაცხადდა, რომ ევროკავშირისგან მოლდოვა მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად მნიშვნელოვან თანხას მიიღებს რაც ადგილობრივ ბიზნესს დაეხმარება.
“რაც მოლდოვაში მოიტანა კანდიდატის სტატუსმა რამდენიმე თემად შეიძლება დავყოთ. პირველი მოლდოვა აქტიურად აკეთებს დივერსიფიცირებას თავისი ვაჭრობის, ექსპორტის 70% არის ევროკავშირში, მსგავსად არის იმპორტი და ფულადი გზავნილები. სადღაც ⅓ მოლდოვის მოსახლეობის არის ევროპის მოქალაქე, აქვთ ევროპის პასპორტები ისინი არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი სტაბილური და დივერსიფიცირებული ფულადი გზავნილები შემოდის ქვეყანაში.
ახლა ცოტა ხნის წინ იყო განცხადება, რომ მოლდოვის მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ევროკავშირი აპირებს 1.8 მლრდ ევროს გამოყოფას, რაც რამდენიმე წლის მანძილზე უნდა დაიხარჯოს. ეს ძალიან დიდი თანხაა მოლდოვისთვის და საქართველოსთვისაც. ხდება ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირება და ჩამოცილება რუსულ დამოკიდებულებაზე, რაც უკვე რეალობა არის მოლდოვის მაგალითზე. კიშინიოვშიც რომ გადიხართ გარეთ ხდება გზების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, რომელსაც აწერია ევროპა 2030.
მეტ ნაკლებად მოლოდინი არის რომ 2030-ში მოლდოვა ევროკავშირის წევრი იქნება, რაც აქაური გეგმით ნიშნავს 2028 წელს მოლაპარაკების დასრულებას, 2029 და 2030 წლები კი დაეთმობა მოლდოვის ევროკავშირში რატიფიცირებას. მოლდოვა უყურებს ასე, რომ მოლაპარაკებები დაასრულოს 2028-ში და დარჩენილი 2 წელი დაუთმოს რატიფიცირებას,”- აცხადებს მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Maib-ის გენერალური დირექტორი გიორგი შაგიძე.