წარმოგიდგენთ TBC-ის დამფუძნებლების, პროკურატურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და პოლიტიკოსების მიერ საქმის შესახებ გაკეთებული განცხადებებისა და გავრცელებული იფნორმაციების ერთიან ჯაჭვს, დაწყებული 2007-2008 წლებში განხორციელებული ტრანზაქციებიდან და მათი წინარე მოვლენებიდან, დასრულებული მინისტრთა კაბინეტის წევრების მიერ 8 მარტს გაკეთებული განცხადებებით.
2007-2008 წლებში განვითარებული მოვლენები - ფაქტები სესხის შესახებ და მისი აღების გარემოებები
2007 წელს TBC ბანკს საკრედიტო პორტფელის მკვეთრი ზრდის გამო საბანკო ლიცენზიისთვის აუცილებელი კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა დაერღვა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა მათ სანქცია დაადო. როგორც მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს განაცხადა, ისინი იძულებულები გახდნენ რომ სხვადასხვა წყაროდან კაპიტალის შევსება მოეხდინათ. ხაზარაძის თქმით, მათ კაპიტალის შესავსებად, ებრაულ ბანკ Leumi-სთან ჰქონდათ მოლაპარაკებები, რომელიც ბანკის კაპიტალში 19,9%-იანი წილით შედიოდა. Leumi-სთან თიბისის მოლაპარაკებების არსებობის შესახებ ინფორმაცია, 2007 წლის იანვარში გავრცელდა, მაშინ მედიაში იწერებოდა, რომ Leumi თიბისის კაპიტალის ზრდას დააფინანსებდა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, Leumi-სთან გარიგება თიბისის საერთაშორისო აქციონერებმა დაბლოკეს, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ბანკის მთლიანი კაპიტალის 20%-ს ფლობდნენ, თუმცა გადაწყცეტილების მიღებისას ვეტოს უფლება გააჩნდათ. საუბარია IFC-ისა და DEG-ზე, რომლებიც თიბისის კაპიტალში 2000 წელს შევიდნენ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გარიგება დაიბლოკა, Leumi-იმ მათ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. ბანკმა კი პარალელურად კაპიტალის შესავსებად ახალი საერთაშორისო პარტნიორების მოძიება განაგრძო. თიბისიმ დაიქირავა ამერიკული Meryll Lunch-ი, რათა მათთვის პოტენციური პარტნიორები მოეძებნა.
თიბისის დამფუძნებლის თქმით, Meryll Lunch-მა მათ ორი შესაძლო ინვესტორი - უნგრული OTP ბანკი და ირლანდიური Allied Irish Bank-ი. თიბისიმ მოლაპარაკებები სწორედ ირლანდიურ ბანკთან განაგრძო.
მოლაპარაკებების არსებობის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდიდანაც ირკვევა. 2007 წლის 23 ივლისს, სებ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ AIB-ის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა, ბანკი მაშინ აღნიშნავდა, რომ ქართული ბაზრით იყვნენ დაინტერესებული.
იმ შეთანხმებით, რასაც თიბისიმ ირლანდიურ ბანკთან მიაღია, AIB პარტნიორობის დასაწყებად მნიშვნელოვანი მოწულობის გარანტიას ითხოვდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს განაცხადა, გარანტიისთვის საჭირო თანხის ნახევარზე მეტი მან და ბადრი ჯაფარიძემ ამერიკული ბანკისგან - JP Morgan-ისგან ისესხეს, რომელმაც მათ $60 მილიონის პერსონალური კრედიტი დაუმტკიცა. $10-10 მილიონი დადეს თიბისის საერთაშორისო აქციონერებმა - IFC-იმ და გერმანიის განვითარების ბანკმა, საბოლოოდ გარანტიის შესაგროვებლად $20 მილიონი დოლარი დარჩა - სწორედ აქ ერთვება ავთანდილ წერეთელი.
როგორც მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს განაცხადა, დარჩენილი $20 მილიონის მისაღებად, მათ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს მიმართეს, რომელთაცან წარსულში საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ. 2008 წლის აპრილ-მაისში ავთანდილ წერეთელის კომპანიებმა “სამგორი M”-მა და “სამგორი თრეიდმა” თიბისი ბანკში არსებული საკრედიტო ხაზის გამოყენებით $16.7 მილიონი დოლარი ისესხეს. თანხის მიღების მეორე დღესვე კი ამ კომპანიებმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პერსონალური სესხები გაუფორმეს.
როგორც მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, მან მხოლოდ შემდგომ გაიგო, რომ ავთანდილ წერეთელმა ის თანხა, რომელიც მათ სესხად მისცა თიბისი ბანკისგან ისესხა. ხაზარაძის თქმით, 2008 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის მათ AIB-სთვის საჭირო გარანტიის თანხა უკვე სრულად ჰქონდათ შეგროვილი.
2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომი იწყება, ქვეყანა სრულმასშტაბიანი რუსული ანექსიის წინაშე დგას, არსებობს რეალური ალბათობა, რომ საბანკო პანიკა და ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს. ომის მიუხედავად, AIB-მა საქართველოში შემოსვლაზე უარი არ თქვა, თუმცა 2008 წლის სექტემბრიდან იწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც არსებულ ვითარებას თავდაყირა აყენებს - ეს გლობალური ფინანსური კრიზისი იყო, რომელმაც მთელი მსოფლიოს და მათ შორის ირლანდიის საბანკო სისტემაც შეარყია, AIB გაკოტრების წინაშე დადგა. ბანკმა თიბისის მეწილედ გახდომაზე უარი თქვა.
“დავდექით სერიოზული კრიზისის წინაშე, უზარმაზარი ვალის წინაშე, გაჩერებული ბანკი კიდევ უფრო მეტად გაჩერდა, იცით რომ ამ დროს დეპოზიტების საკმაოდ სერიოზული გადინება მოხდა საბანკო სექტორიდან. ერთადერთი რაც უნდა გაგვეკეთებინა, იყო ის რომ გადაგვერჩინა ბანკი. უკვე კრიზისული გეგმა შედგენილი იყო, ის მოიცავდა რამდენიმე ათასი ადამიანის გათავისუფლებას და ბანკი დაპატარავებას. ეს პერსპექტივა ნამდვილად არ გვინდოდა.
მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი კუთვნილი 80%-დან 60% დაგვეთმო ყოველგვარი ღირებულების გარეშე, იმის საპირისპიროდ, რომ ბანკს ჩამოშორებოდა 200 მილიონის ტოქსიკური კრედიტები და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 200-მილიონიანი კაპიტალის მქონე ბანკის 60%-ს ვთმობთ იმისათვის, რომ ბანკი გასუფთავდეს და ბანკმა დაიწყოს ახალი ფუნქციონირება, თანამშრომლები შევინარჩუნოთ და დავსახოთ ახალი მიზნები,”- 2019 წლის 4 მარტს განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
2009 წელს კი რთული მოლაპარაკებების შედეგად, ბანკის აქციონერები გახდნენ EBRD, FMO, JP Morgan და Ashmore. ბანკმა მოიზიდა 170 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხა, საიდანაც 40.0 მლნ და 44.0 მლნ აშშ დოლარი გამიზნული იყო პირველადი და მეორადი კაპიტალის შესავსებად. ბანკის აქციების პროცენტული წილი, რომელსაც ქართველი აქციონერები ფლობდნენ, 78.5%-დან 35.0%-მდე შემცირდა, მომდევნო წლების განმავლობაში დამფუძნებელთა წილი 20%-მდე შემცირდა.
2012 წლის 28 სექტემბერს თიბისიმ სამგორი თრეიდს და შპს სამგორი M-ის სესხების მოთხოვნის უფლება გადავიდა კომპანიაზე, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, პაატა ღაძაძემ დააფუძნა. პროკურატურის შეფასებით, შედეგად, ბანკმა $17 მილიონის შემოსავალი დაკარგა.
მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც მას შემდეგ განვითარდა:
2016 წლის 8 თებერვალი
მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირკიკაშვილმა ანაკლიის ღმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად მამუკა ხაზარაძის ანაკლიის კონსორციუმმა გაიმარჯვა. გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს. პროექტის მთლიანი ჯამური ღირებულება $2.5 მილიარდი დოლარია.
2018 წლის 13 ივნისი
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს შორის რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები იყო. წინა დღით, 12 ივნისს გამართულ „ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილვევლი საკითხი ანაკლიის მშენებარე პორტი იყო.
2018 წლის 12 ივლისი
პრესაში იწერება, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ. პროკურატურამ ბანკის ბოლო 15 წლის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. „თიბისი ბანკმა“ პრესაში გავრცელბული ეს ინფორმაცია უარყო: “ერთადერთი, ძალიან მოკლე პასუხი გვაქვს – მსგავსი არაფერი ხდება. აბსოლუტურად არავინ დაუბარებიათ პროკურატურაში, რადგან მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ან „თიბისი ბანკის“ საქმიანობის შესწავლის არანაირი საფუძველი არსებობს,” – განაცხადა ბანკის პრესსამსახურის უფროსმა.
2018 წლის 17 ივლისი
პრემიერ მინისტრს დაქვემდებარებულმა სსიპ-მა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „თიბისი ბანკიდან“ კონკრეტულ ტრანზაქციებში ჩართული პირების შესახებ ინფორმაცია (საბანკო ამონაწერების ჩათლით) გამოითხოვა.
2018 წლის 24 ივლისი
ბიძინა ივანიშვილის განცხადება პირველი არხის ეთერში, სადაც კვირიკაშვილის შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა: „ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური.“
ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდის მიმართ არსებულ პრეტენზიებში ფიგურირებს TBC ბანკის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის სახელი და ანაკლიის პორტის პროექტი.
2018 წლის 2 აგვისტო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის წინანდელ საქმეზე დაიწყო გამოძიება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სავარაუდო ფაქტზე. პროკურატურის განცხადების თანხმად 2008 წელსა და 2012 წელს განხორციელებული ტრანზაქციები ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა.
2018 წლის 9 აგვისტო
9 აგვისტოდან 23 აგვისტომდე ეროვნული ბანკმა ჩაატარა „თიბის ბანკის“ მიზნობრივი შემოწმება „სამგორი M-ის“ და „სამგორი თრეიდის“ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. „სამგორი M“-ის და „სამგორი თრეიდის“ სოლიდური წილის მფლობელი ვახტანგ წერეთელი ტელეკომპანია „TV პირველის“ მფლობელიც არის.
2018 წლის 4 სექტემბერი
„სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ტრანზაქციებთან დაკავშირებით, მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის ხელშეკრულების წარუდგენლობის გამო ეროვნულმა ბანკმა გამოსცა განკარგულება თიბისი ბანკის 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, რაც თიბისი ბანკმა გაასაჩივრა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულება შეაჩერა.
2018 წლის 14 სექტემბერი
14 სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა თიბისი ბანკის მეორე, კონკრეტულად თემატური შემოწმება.
2018 წლის 17 სექტემბერი
შემოსავლების სამსახურმა „თიბისი ბანკის“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება დანიშნა. გამოითხოვა საბანკო ინფორმაციისა და მონაცემის (მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაშიფვრის გარეშე) მიწოდება და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების დაშვება ამ მონაცემებზე (მათ შორის, საბუღალტრო და სხვა სააღრიცხვო ელექტრონულ პროგრამებთან), რაზეც საბანკო საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმის საფუძელზე, თიბისი ბანკისგან უარი მიიღო.
2018 წლის 10 ოქტომბერი
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, „თიბისი ბანკს“ შემოსავლების სამსახურმა დააკისრა 400 ლარიანი ჯარიმა ინფორმაციის მიუწოდებლობაზე. ბანკის პოზიციით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გამოთხოვის უფლება საგადასახადო ორგანოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონდა. საგადასახადო ორგანომ 2018 წლის 11 ოქტომბერს სასამართლოში იშუამდგომლა თიბისის მონაცემთა ბაზაში არსებული კლიენტების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. 2018 წლის 24 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურმა სარჩელი გამოიხმო.
2018 წლის 26 ოქტომბერი
ბიძინა ივანიშვილის განცხადება ჟურნალისტებთან ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის არსებულ ბიზნეს დავაზე, სადაც ის ხაზარაძის მხრიდან მის დაუფასებლობაზე საუბრობს:
„ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაიხია უკან რისთვისაც მე მადლიერებას აქვე გამოვხატავ, აგერ თიბისი ბანკი, ნორმალური მადლობაც არ უთქვია ხაზარაძეს .“
2018 წლის 27 ოქტომებრი
მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ ის ბიძინა ივანიშვილსა და ვანო ჩხარტიშვილს შეხვდა. ხაზარაძემ თქვა, რომ ამ შეხვედრაზე ჩხარტიშვილს თიბისისთვის აქტივის “წაღლეტა” უნდოდა. ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ საეჭვო იყო გარემოება, რომ სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესდავებს ერთი და იგივე მოსამართლე განიხილავდა.
“ვანოს (ჩარტიშვილს) უნდოდა არასამართლიანად, სიტყვას ვეძებ რა სიტყვა გამოვიყენო - “წაეღლიტა” „თიბისი ბანკისთვის“ უსამართლოდ თანხა, ვიყავით სასამართლოში და ეს საკითხი მოგვარდა როგორც უნდა მოგვარებულიყო.
იცით რა, ჩვენ შევხვდით მისი (ბიძინა ივანიშვილის) შუამდგომლობით და იქ გაირკვა ყველაფერი სამართლიანად, აქვე იმასაც დავამატებ, რომ ვანოს (ჩხარტიშვილს) ჰყავდა ერთი მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე იკრიბებოდა საოცრად. ყველა საქმე, რომელიც მას ჰქონდა წამოწყებული სხვა ბიზნეს კომპანიების წინააღმდეგ, ყველაფერი რატომღაც ერთ მოსამართლესთან იკრიბებოდა. ეს თქვენ გაარკვიეთ რატომ და როგორ,”- თქვა ხაზარაძემ.
2018 წლის 2 ნოემბერი
მამუკა ხაზარაძემ გამოაქვეყნა სპეციალური წერილი, რომელშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი რევანშისტული განცხადებების გაკეთებისთვის გააკრიტიკა და თქვა რომ “რევანშიზმის დრო წარსულს ჩაბარდა”. ამავე წერილში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მამუკა ხაზარაძეს იმედი გაუცრუა, რადგანაც მან სასამართლო რეფორმის გატარება ვერ შეძლო.
მხოლოდ 2019 წლის 6 მარტს გაირკვა, რომ აღნიშნული განცხადება დაიწერა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ გიორგი გახარიასგან მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილი მიიღო. მთავრობა მამუკა ხაზარაძისგან ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას, ხოლო ავთანდილ წერეთლისგან კი ტელეკომპანია პირველისთვის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ითხოვდა. როგორც ირკვევა, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული მოთხოვნის პირველი პუნქტი შეასრულა და ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა.
2018 წლის 19 ნოემბერი
ეროვნულმა ბანკმა გამოსცა განკარგულება ტრანზაქციების დროს მოქმედი ინტერესთა კონფლიქტის რეგულაციის დარღვევისთვის თიბისი ბანკის 1.1 მილიონი ლარით დაჯარიმების თაობაზე და თიბისი ბანკს აეკრძალა ახალი სესხების და გარანტიების გაცემა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე მათთან დაკავშირებულ პირებზე. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს მიეცათ 2 თვის ვადა, რათა წარმოედგინა თავიანთი პოზიცია ბანკის ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით.
2018 წლის 13 დეკემბერი
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძის კომენტარი: „ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის მობილიზებულია ყველა აუცილებელი დაფინანსება. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უზრუნველყვეს 400 მილიონი დოლარის სესხის დადასტურება. რაც შეეხება კაპიტალს, აქაც გვაქვს სასიამოვნო სიახლე. გვიერთდება ორი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ჰოლანდიის განვითარების ბანკი და გერმანიის განვითარების ბანკი. ასე რომ დაფინანსების თვალსაზრისით დიდი პროგრესი მოვახდინეთ 2018 წლის განმავლობაში“.
2018 წლის 26 და 31 დეკემბერი
პროკურატურის შუამდგომლობით მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცეს შესაბამისი ჩვენებები.
2019 წლის 9 იანვარი
პროკურატურა ასაჯაროებს, რომ 2 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე. პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა, რომ დაკითხა მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი.
2019 წლის 22 იანვარი
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს, რადგან მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ანაკლიის პროექტზე. ელჩის განცხადებით, მის დაინტერესებას ისიც იწვევს, რომ ამერიკელები „თიბისი ბანკში“ გარკვეულ წილს ფლობენ.
2019 წლის 6 თებერვალი
გერმანიის განვითარების ბანკმა (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მოიპოვა პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭრო დაფინანსება - 600 მილიონი დოლარი, საიდანაც 400 მილიონი დოლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დადასტურებული სესხია.
2019 წლის 11 თებერვალი
საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს კომენტარი: „ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთან დაკავშირებით, საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის… “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია… შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა – მანამდე“.
2019 წლის 14 თებერვალი
„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა (მამუკა ხაზარაძის) და თავმჯდომარის მოადგილის (ბადრი ჯაფარიძის) მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. საუბარია იმ ტრანზაქზიებზე, რასაც პროკურატურაც იძიებს.
მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელებში ე.წ. ბოტები გააქტიურდნენ.
2019 წლის 18 თებერვალი
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სურს „თიბისი ბანკს“ და ანაკლიის პორტს დაეუფლოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის თავიდან მოშორებით. მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანია დაეხმაროს სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებს, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა შეძლონ „თიბისი ბანკის“ და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების საშუალებით. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ასლის ინფორმაციით, სცენარი მოიცავს პორტის სრულად შეჩერებას, რადგან ეს პროექტი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
2019 წლის 18 თებერვალი
მამუკა ხაზარაძე პრესკონფერენციას მართავს, სადაც საუბრობს, რომ „შეფერხება ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და ამიტომ ცოტა მაშფოთებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა, ეროვნული ბანკი გამოძიების დამთავრებამდე აკეთებს განცხადებას… პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის წინ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. ერთი წლის წინ ხელი მოვაწერეთ, მაისი-ივნისის თვეში ველოდებით ფინანსურ დახურვას, რომელიც საკმაოდ რთული პროცესია. დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ, ინფორმაციის გაჟონვები „გუგლში“ და უამრავ საერთაშორისო პრესაში, თითქოს მე და ბადრი ჯაფარიძეს რაღაცა კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას… მაისში და ივნისში უნდა მივიღოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო, ექვსი მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან. 600 მილიონ დოლარზეა საუბარი. საქმე აღარ ეხება „თიბისი ბანკსა“ და კონკრეტულ ადამიანებს, საქმე ეხება ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, მომავალს. ამიტომ ვთხოვ ყველას, დროზე გაერკვეს სიტუაციაში, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა დავუბრუნდეთ საქმეს”.
2019 წლის 19 თებერვალი
BMG-იმ მოიპოვა საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dentons-ის შეფასება, რომლის მიხედვითაც სადავო ტრანზაქციები ფულის გათეთრების ნიშნებს არ შეიცავენ.
2019 წლის 20 თებერვალი
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ: „ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, გვერდს უვლის მიღებულ სამართლებრივ ნორმებს, როდესაც მოითხოვს, რომ „თიბისის“ აქციონერებმა შეაჩერონ თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე… რაც მთავარია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძონ მუშაობა ამ საკითხის დროული, სამართლიანი და გამჭვირვალე გადაწყვეტისთვის. სხვაგვარად, მიმდინარე დავა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, რეპუტაციასა და სამომავლო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.“
2019 წლის 21 თებერვალი
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიდიან „თიბისი ბანკიდან“. ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის და ჯარიმის თანხის - 1.1 მილიონი ლარის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. ხაზარაძე და ჯაფარიძე კერძო დავას გააგრძელებენ.
მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელებში ისევ აქტიურდებიან ხელისუფლებაზე მომუშავე ანონიმური ყალბი ფეისბუკ-გვერდები.
2019 წლის 22 თებერვალი
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კომენტარი: „რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საუბარია სისტემურ ბანკზე. ის გავლენას ახდენს საქართველოში საბანკო სექტორში სტაბილურობაზე. შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ სიტუაციაზე თვალის მიდევნებას“.
2019 წლის 26 თებერვალი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, „თიბისი ბანკის“ საკითხთან და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა ჩაიშალა. კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ „თიბისისთან“ დაკავშირებული საკითხის ასეთ საჯაროდ განხილვა, არ იქნებოდა მართებული. ეს პოზიცია გაითვალისწინა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და სხდომა დახურა. შემდგომში კაკულიამ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება სამარცხვინო იყო.
2019 წლის 27 თებერვალი
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები არ დასრულდება, ფინანსურმა ინსტიტუტებმა შესაძლოა, პროექტი არ დააფინანსონ.
2019 წლის 28 თებერვალი
მაშინ, როდესაც 26 თებერვლის საკომიტეტო მოსმენის ჩაშლის მთავარი მიზეზად „თიბისი ბანკის“ საქმეზე საჯარო განხილვის მიზანშეუწონლობა დასახელდა, 28 თებერვალს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურატურის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ და უფრო დეტალურად ისაუბრა „თიბისი ბანკის“ 2007-2008 წლების ტრანზაქციებზე. მნიშვნელოვანი სიახლე პროკურატურას არ მოუწოდებია. პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა საბანკო რეგულაციების დარღვევაზე, რაც ეროვნული ბანკის კომპეტენციაა.
2019 წლის 4 მარტი
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძის მოსმენა გაიმართა. ხაზარაძემ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენების გამო ინვესტორებს შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებაზე უარი ეთქვათ.
ამავე დღეს გახარიამ ასეთი წერილის არსებობა კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ ხაზარაძე პრივილეგირებული ბიზნესმენი იყო.
2019 წლის 6 მარტი
შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ აღნიშნული განცხადებები პირდაპირ უკავშირდებოდა ანაკლიის პორტს და რომ “აჟიოტაჟის” შექმნით, კომპანია სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებისთვის თავის არიდებას ცდილობდა.
2019 წლის 7 მარტი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დაკითხვა გაიმართა. დაკითხვიდან გამოსულმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ 2008 წლის სექტემბრის შემოწმება, რომელსაც პროკურორების კითხვები უკავშირდებოდა, რეალურად არა სადავო ტრანზაქციას, არამედ ბანკის აქტივების ზოგად შეფასებას შეეხებოდა. ამასთანავე, ქადაგიძე გამორიცხავს, რომ აღნიშნულ პერიოდში სებ-ის თანამშრომლებს შემოწმება არაჯეროვნად შეესრულებინათ.
2019 წლის 8 მარტი
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა რომ მისი აზრით, სახელწმიფო არ უნდა იყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის ტვირთების გადაზიდვის გარანტორი. პრემიერის შეფასებით, მსგავსი რისკის აღება სავარაუდოდ არაგონივრული იქნება:
“თუ ისევ ბიუჯეტის ხარჯზე ვსაუბრობთ, რომ უნდა მოხდეს ტრაფიკის გარანტიის მიცემა, ამ შემთხვევაში კითხვაც ჩნდება: მაშინ რა არის ის დამატებითი ღირებულება და ძალისხმევა, რომელიც უნდა მოიტანონ საერთაშორისო ინვესტორებმა?”- თქვა ბახტაძემ.

























