მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ნაბიჯებს დგამს "თიბისი" გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად - გზა ISO სერტიფიკატამდე

5fdb030eacd70
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.20 13:15
1175
თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001:2015 მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა და სერტიფიკატის მიღების პროცესშია. აუდიტი 2020 წელს პანდემიის გამო, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„ეს წარმატება ადასტურებს, რომ თიბისის გარემოსდაცვითი სისტემა საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად იმართება“, - აცხადებენ თიბისიში.

2020 წლის დასაწყისში, სერტიფიცირების პროცესის დაწყებამდე, თიბისი, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის გაუმჯობესების კუთხით, უკვე არაერთ პროექტს და აქტივობას ახორციელებდა, როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ. თითოეული ინიციატივა დეტალურად გაწერილ გარემოსდაცვით პოლიტიკას ეფუძნება.

რა პროექტებს ნერგავს თიბისი გარემოს დაცვის მიმართულებით და როგორია ამ პროექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა - ამ და სხვა კითხვებზე BM.GE-ს თიბისის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჯგუფის უფროსი, სოსო როსტომაშვილი ესაუბრა.

- როდის დაიწყო თიბისიმ გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვა და რა მიმართულებით ავითარებთ თქვენს საქმიანობას?

- თიბისიში კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ, როგორც კომპანიას, შეიძლება პირდაპირი და ირიბი ზეგავლენა გვქონდეს იმ საზოგადოებასა და გარემოზე, სადაც ვსაქმიანობთ. პირდაპირი ზემოქმედება მოიცავს კომპანიის მიერ მოხმარებულ რესურსებს - ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს, საბეჭდ ქაღალდს და ა.შ. ხოლო ირიბი ზემოქმედება - კომპანიის მომხმარებლების ბიზნესსაქმიანობით გამოწვეული ზემოქმედებაა. თიბისის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის მიზანი გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებაა. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ჩვენი ეკოლოგიური ანაბეჭდი და კლიმატის ცვლილება გარემოსადმი მეგობრული ღონისძიებების განხორციელებისა და რესურსების ეფექტურად გამოყენების გზით.

გარემოსდაცვითი პოლიტიკა თიბისიში 2 წლის წინ დამტკიცდა, რომელიც 4 მიმართულებას მოიცავს: 1. შიდა გარემოსდაცვითი აქტივობები; 2. გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვა ბიზნესდაკრედიტების დროს; 3. მდგრადი ფინანსირება; 4. გარე კომუნიკაციები.

შიდა გარემოსდაცვითი აქტივობები აერთიანებს: რესურსების რაციონალური მოხმარებას, ნარჩენების მართვას, თანამშრომლებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გამწვანებით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. ამასთან, რადგან თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიაა, ყოველწლიურად ჩვენ მიერ გაფრქვეული სათბური აირების დათვლა და კონტროლი მოგვეთხოვება. სათბური აირების გაფრქვევების შემცირების მიზნით, თიბისის ავტოპარკის უმეტესი ნაწილი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით - ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით ჩავანაცვლეთ. ასევე, საქართველოს 14 ლოკაციაზე თიბისის ინიციატივით ელექტრომანქანების დამტენები დამონტაჟდა, რომლის გამოყენება მოქალაქეებსაც შეუძლიათ. დამტენებს მუდმივად ვამატებთ სხვადასხვა ლოკაციაზე.

კიდევ ერთი მიმართულება ჩვენი პარტნიორი სამშენებლო და მომწოდებელი კომპანიების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა და მათი მართვაა. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული პროდუქტის თუ მომსახურების შეძენისას, ვიცოდეთ, რას ვყიდულობთ. ამიტომ, კომპანიის შიგნით შემუშავებული გვაქვს ენერგოეფექტურობის კრიტერიუმები, რითიც ვხელმძღვანელობთ.

- რაც შეეხება ირიბ ზემოქმედებას გარემოზე, რას გულისხმობთ, როგორ ზემოქმედებს თიბისი ირიბად გარემოზე და როგორ ამცირებს ამ კუთხით არსებულ რისკებს?

ირიბი ზემოქმედება გულისხმობს ბიზნესდაკრედიტების დროს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვას, რომელიც ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის მეორე მიმართულებაა. ათ წელზე მეტია პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარებითა და ჩართულობით, შემუშავდა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის პროცედურის დოკუმენტი. პროცედურის მიხედვით, ბიზნესსესხის განაცხადის შემდეგ, პირველ რიგში, მოწმდება ხომ არ ხვდება მომხმარებლის ბიზნესსაქმიანობა ბანკის აკრძალული საქმიანობების სიაში. ამის შემდეგ ვაფასებთ მომხმარებლის საქმიანობის გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს. თუ შეფასების შედეგად დადგინდა შეუსაბამობა ადგილობრივ საკანონმდებლო და საერთაშორისო მოთხოვნებთან, იწერება მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც მომხმარებლისთვის სავალდებულოა. ყოველივე ამის შესახებ კი წლის ბოლოს ყველა ჩვენს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტს ვაწვდით ინფორმაციას.

- რას გულისხმობს პოლიტიკის მესამე მიმართულება - მდგრადი დაკრედიტება?

მდგრად ფინანსირებაში იგულისხმება ენერგოეფექტური და გარემოსადმი მეგობრული ინვესტიციები და პროექტები, ახალგაზრდა თაობის განათლების ხელშეწყობა, ,,ქალები ბიზნესში“ და ა.შ...

ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით, ადგილობრივი ბაზრის კვლევას ვახორცილებთ, რათა განვსაზღვროთ ის კრიტერიუმები, რომლებიც ყველა დაინტერესებული მხარისთვის ნათლად განსაზღვრავს - რა არის მდგრადი პროექტი. ამის საბოლოო მიზანია ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ენერგოეფექტური და გარემოსადმი მეგობრული ბიზნესსაქმიანობები.

- რას მოიცავს თიბისის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მეოთხე მიმართულება?

მეოთხე მიმართულება - გარე კომუნიკაციები, პირველი სამი მიმართულების დასკვნითი ნაწილია, ანუ დაინტერესებული პირებისთვის ყველა მიმართულებით წარმოებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, წლიური ანგარიშების სახით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს გამოვაქვეყნეთ GRI პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული პირველი მდგრადი ანგარიში, რომელიც კომპანიას ეხმარება, გააცნობიეროს მისი როლი და გავლენა მდგრადი განვითარების ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ადამიანის უფლებები და სოციალური კეთილდღეობა.

გარდა ამისა, კვარტალურად ვაწყობთ რეგიონალურ ბიზნესფორუმებს, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს ვაწვდით ინფორმაციას საქართველოში გარემოსდაცვითი საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩვენ შევქმენით გარემოსდაცვითი და სოციალური საჩივრების მიღების მექნიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, თიბისის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გამოგვიგზავნონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული კითხვები და საჩივრები.

- ყოველივე ამის შედეგად კი თიბისიმ, პანდემიის მიუხედვად, გარემოსდაცვითი მართვის სისტემის მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა...

დიახ. იმისათვის, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული პოლიტიკა აღიარებული ყოფილიყო, საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატის მიღება გადავწყვიტეთ. სერტიფიცირება 2020 წლის დასაწყისიდან დავიწყეთ და მიუხედავად პანდემიისა, ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს პროცესი არ გაგვეჩერებინა. შესაბამისად, პირველი კომპანია ვართ საქართველოში, რომელმაც ონლაინ რეჟიმში დაიწყო ISO 14001:2015-ის სერტიფიცირების აუდიტი, რომელიც 2 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი დოკუმენტალური აუდიტია, ხოლო მეორე ეტაპზე დოკუმენტურად გაწერილი სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელების ეფექტურობის შემოწმებაა, რაც საკმაოდ რთული პროცესი იყო, თუმცა თითოეული თიბისელის ჩართულობით, ეს პროცესი წარმატებით გავიარეთ.

სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თიბისის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა უკვე სერტიფიცირებულია. რესგიტრაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ველით, რომ 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.

- რას ნიშნავს თიბისისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატის მიღება?

სერტიფიკატის მიღება ჩვენთვის მხოლოდ მიღწევა არ არის, ეს სამომავლოდ, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს, რადგან მაღალი საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნებისთვის მუდმივი მუშაობა და განვითარებაა აუცილებელი.

ამ მიმართულებით ჩვენი აქტიური საქმიანობა დადებითად აისახება თიბისის საერთაშორისო ESG რეიტინგებზე, რაც იმას დასტურია, რომ შევესაბამებით საერთაშრისო საუკეთესო პრაქტიკებს.

თიბისის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ოთხივე მიმართულებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, საიდანაც მდგრადი ფინანსირების პოლიტიკის ჩამოყალიბებას და ბაზარზე ახალი ფინანსური პროდუქტის წარდგენას გამოვყოფ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები