ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ომეგა-ჯგუფის მიმართვას და შეთავაზებას შემოსავლების სამსახური სწავლობს და ამ დღეებში პოზიციას ღიად დააფიქსირებენ.
ასეთი მოკლე პასუხით შემოიფარგლა მაჭავარიანი დღეს „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე დასმულ კითხვაზე.
„შემოსავლების სამსახური სწავლობს საკითხს და ამ დღეებში პოზიციას განვაცხადებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ: ზაზა ოქუაშვილის კუთვნილი "ომეგა ჯგუფი" საქართველოს მთავრობას - ფინანსთა მინისტრს, მის მოადგილეს მიხეილ დუნდუას, საქართველოს ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძეს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯასთინ მაკენზი სმიტს, ასევე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო წერილით მიმართავს.
"ომეგა" სახელმწიფოს 1.5 მილიონი ლარის ბიუჯეტში ჩარიცხვას სთავაზობს, კომპანიის განცხადებით, მათ კეთილსინდისიერად შეასრულეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და 8 ნოემბერს ოქტომბრის თვის საგადასახადო ვალდებულება 550 ათასი ლარი დაფარეს.
კომპანია სახელმწიფოს სთხოვს, რომ 1.5 მილიონი ლარის გადასხდის შემდგომ მას მიეცეს აქციზური მარკები, რათა კომპანიამ ოპერირება განაგრძოს. "ომეგა" მთავრობას 26 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებასაც ახსენებს, კომპანია აღნიშნავს, რომ აღნიშნულის თაობაზე მათ საქმის კურსში ბრიტანეთის საელჩოც ჩააყენეს.