დარაგობრივი ეკონომიკის კომიტეტში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პეტიცია წარადგინა, რომელსაც ხელს 767 პირი აწერს.
პეტიციის ავტორები მოითხოვენ, საქართველოს ყოველ მოქალაქეზე ყოველთვიურად გაიცეს 1000 ერთეული სპეციალური საინვესტიციო ფული -„ინვესტი“ და ნებისმიერი ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გასაყიდად იქნება გამოტანილი, გაყიდულ იქნეს მხოლოდ „ინვესტებზე’, ღია, საყოველთაო ელექტრონულ აუქციონებზე, ლოტების ან აქციების სახით.
პეტიციის ერთ-ერთი ავტორი რამაზ გერლიანია, რომელიც bm.ge-თან მათ მიერ წარდგენილი ინიციატივის სიკეთეებს განმარტავს.
“პეტიციის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ მსყიდველობითი უნარი, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ კერძო საკუთარებაში დაიმკვიდრონ ის აქტივები, რომელიც დღემდე სახელმწიფოს ხელშია და რომელიც პრაქტიკულად არის გამოუყენებელი. მისგან უნდა ველოდოთ დიდ ფისკალურ ეფექტს, რაც მთავარია, ჩვენი გათვლებით, საშუალოვადიან პერიოდში, ეს არის 5-7 წლიანი პერიოდი, უნდა გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამის შესაძლებლობას იძლევა ამ რეფორმის სწორად გატარება.
საერთაშორისო ინვესტირების მხრიდან ქვეყნით დაინეტრესებაზეც ექნება ამას დადებითი გავლენა, ვინაიდან პირველად ბაზარზე აქტივები პრაქტიკულად არ იქნება და ძირითადი თამაში გადმოვა მეორად ბაზარზე ანუ კერძო ბაზარზე, სადაც ფიქსირდება აქტივის ლიკვიდურობა, სადაც მაღალი კონკურენტუნარიანი სფეროა. პრაქტიკულად, კერძო მესაკუთრეებთან ექნებათ ინვესტორებს პირდაპირი კავშირი ყოველგვარი ბიუროკრატიული აპარატების გარეშე და ეს არის დიდი ფისკალური ეფექტის მომტანი ქვეყნისთვის, მათ შორის საინვესტიციო ნაკადებისა და სავალუტო ნაკადების თვალსაზრისით”, - განმარტავს პეტიციის ერთ-ერთი ავტორი, რამაზ გერლიანი.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, წარმოდგენილი თემა საინტერესოა და კომიტეტის გადაწყვეტილებით, ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნება, საიდანაც შემოსული მოსაზრებების გათვალისწინებით კომიტეტი აღნიშნულ თემაზე მუშაობას განაგრძობს.