მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობა მიიღეს ივენთ-მენეჯერებმა ეკონომიკის სამინისტროსგან

5f636cb3ad454
ინგა მურუსიძე
17.09.20 18:04
3796
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ივენთ-კომპანიების ნაწილთან შეხვედრა გაიმართა. როგორც bm.ge-ს ივენთ-მენეჯერმა თაკო დოლაბერიძემ ეკონომიკის სამინისტროს დატოვების შემდეგ უთხრა, შეხვედრა საკმაოდ საქმიანი და საჭირო აღმოჩნდა, ვინაიდან როგორც გაირკვა, ბიზნესმა რეგულაციებთან დაკავშირებით ბევრი რამ არასწორად ან საერთოდ არ იცოდა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და 30-მდე ივენთ-კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

„შეხვედრაზე 250 ივენთ-კომპანიიდან, დაახლოებით, 30-მდე კომპანია ვიყავით. საუბარი რამდენიმე საკითხს შეეხო და ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენი მთავარი პრობლემა - გაუქმებული ივენთები. ასევე, არის ივენთები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს და არც კი ვიცით ჩავატარებთ თუ არა ან როგორ უნდა ჩავატაროთ. ვისაუბრეთ რეგულაციებზე, შევთანხდმით, რომ რეგულაციებს თავიდან გაგვაცნობენ, უკეთესად აგვიხსნიან, რადგან როგორც აღმოჩნდა, ნაწილმა ვიცით ეს რეგულაციები, ნაწილმა არ ვიცით, ნაწილმა არასწორად ვიცით. ეს ყველაფერი კი იმის შედეგია, რომ ჩვენ შორის კომუნიკაცია არ არის, რაც ალბათ ორივე მხარის დანაშაულია. არც ჩვენ ვიაქტიურეთ და რადგან არ შევაწუხეთ, ისინიც გაჩერდნენ, ვინაიდან პანდემიის გამო ბევრი საქმე აქვთ“, - განაცხადა თაკო დოლაბერიძემ.

ის ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საბანკო სესხებს, რაც გადასახდელია, რადგან თავად ბანკებიც ბიზნეს-სფეროს წარმოადგენენ და ეს ყველას ესმის, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო მათ დაჰპირდა, რომ ეს საკითხი გადაიხედება და იმსჯელებენ დახმარებაზე - სესხების გადავადების, რესტრუქტურიზაციის ან რომელიმე სხვა მოსახერხებელი მიმართულებით.

ამასთან, როგორც ივენთ-მენეჯერი აცხადებს, მისი ინიციატივით, შეიქმნება ივენთ-მენეჯერების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან პერიოდულად შეხვედრებს გამართავს და პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

„მთავარია, ივენთის ჩატარების დროს რეგულაციები არ დავარღვიოთ და ყველაფერი კარგად იქნება. უკვე მიღებულ ფინანსურ ზარალს და გაუქმებულ ივენთებს რაც შეეხება, ამაზე ვისაუბრეთ, თუმცა ამას აღარაფერი ეშველება. ვუთხარით, რომ მცირედით რეგულაციების შემსუბუქება უნდა მოხდეს, რაზეც დაგვპირდნენ, რომ ყველაფერზე ისაუბრებენ, შემდეგ დაგვიძახებენ და გადაწყვეტილებებს გაგვაცნობენ. დღეს ცოტა იმედი მომეცა, რომ რაღაცა გვეშველება“, - განაცხადა დოლაბერიძემ და იქვე დასძინა, რომ შეხვედრაზე მხარეები თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდნენ და რაიმე უკმაყოფილება ან საწინააღმდეგო აზრი არ გამოთქმულა.

ინფორმაციისთვის: შესაძლოა, ივენთ-კომპანიებს გაუქმებული ქორწილების/ივენთების გამო მიყენებული ზარალი აუნაზღაურონ. "მთავრობა მუშაობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაშია ჩართული, პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ" - თქვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა 16 სექტემბერს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე. ამ განცხადებას წინ უძღოდა ივენთ-კომპანიების საპროტესტო აქცია.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები