ამასთან, სებ-ი ახალ რეგულაციებზე განმარტებებსაც ავრცელებს:
რა იცვლება ამ რეგულაციით?
ამ რეგულაციით სესხის გაცემის მომენტში სესხის გამცემს ეზღუდება ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის სესხის ან სხვა ვალდებულების (მაგ. თავდებობა) დაკისრება, ვიდრე ფიზიკურ პირს ამის გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს. დებულებით გათვალისწინებულია ასევე გამონაკლისები (მაგალითად, ლომბარდული სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში, ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით იფარგლება).
ოჯახის მთლიანი შემოსავალი თვეში 3,000 ლარია. რა მოცულობის იპოთეკური სესხის აღებაა შესაძლებელი? 5,000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში?
სესხის მოცულობა განსხვავებული იქნება სესხის გამცემი ორგანიზაციებისა და საპროცენტო განაკვეთების მიხედვით. თუმცა, რეგულაცია სესხის გამცემს უსაზღვრავს მაქსიმალურ ლიმიტს ყოველთვიურ გადახდებზე. მაგალითად, თუ ოჯახის შემოსავალი 3,000 ლარია, სესხის ყოველთვიური მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1,350 ლარს 15-წლიანი სესხის შემთხვევაში და 1,650 ლარს - 5-წლიანი სესხის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ ბანკს შეუძლია გასცეს მაქსიმუმ 110 ათასი ლარის სესხი (დათვლილია 12% წლიური საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში). არსებული სტატისტიკა და საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ ამაზე მეტი ოდენობის სესხის აღების შემთხვევაში, არსებობს იმის დიდი რისკი, რომ მსესხებელი სესხის მომსახურებას ვერ შეძლებს და, შედეგად, დაკარგავს როგორც შეძენილ ბინას, ასევე უკვე გადახდილ თანხებს ან/და სხვა ქონებასაც; 5,000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში, ყოველთვიური გადახდები არ უნდა აჭარბებდეს 2,500 ლარს (სესხის ვადიანობა 15 წელი), ან 3,000 ლარს, უფრო მოკლევადიანი სესხის შემთხვევაში. ანუ, გაცემული იპოთეკური სესხის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 210 ათასს ლარს.
ეზღუდება თუ არა საკრედიტო ინსტიტუტს თავდების გამოყენება?
არ ეზღუდება. სესხის გამცემს შეუძლია მსესხებელთან ერთად დამატებით ფიზიკური პირის თავდებობის გამოყენება, მაგრამ მხოლოდ იმ თანხის ფარგლებში, რისი მომსახურების რესურსიც აქვს თავდებს ამ დებულების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ თავდები პირი წარმოადგენს მსესხებელი იურიდიული პირის მმართველი ორგანოს წევრს/პარტნიორს/აქციონერს ან მათი საოჯახო მეურნეობის წევრს, თავდების მიერ საკრედიტო კოეფიციენტების დაკმაყოფილება სავალდებულო არ არის. თუ არ მაქვს საკმარისი შემოსავალი, შემიძლია თუ არა მყავდეს თანამსესხებელი?
დიახ. თუ გაგაჩნიათ საკმარისი შემოსავალი, თქვენ არ გჭირდებათ თანამსესხებელი. თუმცა, თუ თქვენი შემოსავალი არასაკმარისია, მაშინ შეგიძლიათ თანამსესხებელად გამოიყენოთ საოჯახო მეურნეობის წევრი, რომელსაც აქვს შემოსავალი. ამ შემთხვევაში, სესხის მომსახურების კოეფიციენტში ამ თანამსესხებლის შემოსავალიც გაითვალისწინება;