მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა პირობებით შესთავაზა ფონდმა "ქართუმ" სესხების ჩამოწერა მისოებს?

5c7fefa7a95d1
სალომე მეცხვარიშვილი
06.03.19 22:00
2459
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლაზიკა კაპიტალის” ხელმძღვანელის ბესიკ შენგელიას განცხადებით, ვალების განულების პროგრამაში ჩართვისთვის “ფონდმა ქართუმ” ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ძირი თანხის 9%-დან 14%-მდე თანხის გადახდა შესთავაზა.

როგორც ბესიკ შენგელია bm.ge-სთან განმარტავს, სასესხო პორტფელი დაყოფილი იყო 2 ნაწილად:

- 2018 წლის პირველ იანვრამდე გაცემული სესხები, რომლის ძირი თანხის 9%-ის იხდიდა “ქართუ”
- 2018 წლის პირველი იანვრიდან გაცემული სესხები, რომლის ძირი თანხის 14%-ს იხდიდა “ქართუ” თუ “ლაზიკა კაპიტალი” სესხების განულების პროგრამაში ჩაერთვებოდა

თუმცა, ბესიკ შენგელია ამბობს, რომ პრობლემური სესხების ჩამოწერის აქციაში ჩართვა მათთვის ხელსაყრელი არ იყო და სესხები მხოლოდ სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს გაუნულეს.

“რატომ ვთქვით უარი ვალების განულების აქციაში ჩართვაზე? ბევრი მიზეზი იყო. ერთი იყო ის, რომ კომერციულად არ იყო ჩვენთვის მისაღები. კონტრაქტის მიხედვით, ან 1000 ლარზე ორგანიზაცია იღებდა 90 ლარს, ან 140 ლარს. ეს არ იყო კომერციულად მიმზიდველი.

მეორე მიზეზი იყო ის, რომ ეს ნაბიჯი არ იქნებოდა სხვა მსესხებლებთან კორექტული, ვინც კეთილსინდისიერი გადამხდელები იყვნენ და ცუდი მესიჯი იქნებოდა მსესხებლებისთვის. ამას შეიძლება გამოეწვია წახალისება ურჩი გადამხდელებისა, რაც მოხდა კიდეც”,- აცხადებს ბესიკ შენგელია.

ვალების განულების საიტის vali.ge-ის მიხედვით, სულ სესხი 615 ათას პირს ჩამოეწერა, ჯამური დავალიანების თანხამ კი 4 მილიარდ 104 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, რა დაუჯდა რეალურად “ქართუ ჯგუფს” სესხების განულების პროგრამა, უცნობია. დიდი ალობათობით, ეს 4 მილიარდი ლარი არ იქნებოდა. მით უმეტეს, “ქართუ ჯგუფს” ამ აქციისთვის 2018 წელს 100 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

პროგრამაში 11 ბანკი და 40-ზე მეტი არასაბანკო ორგანიზაცია ჩაერთო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ფინანსური ინსტიტუტების ნაწილს არ სურდა სესხების ჩამოწერა. მსგავსი განცხადება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის თანდამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. მისი თქმით, სესხების განულების პროგრამაში თიბისი ბანკმა 120 მილიონიანი პორტფელი 3 მილიონად დაუთმო “ქართუს”. ეს ნიშნავს, რომ ქართუმ თიბისი ბანკს ჩამოსაწერი სესხების მთლიანი მოცულობის(ძირი თანხა, ჯარიმა, პროცენტი) 2,5% გადაუხადა. ვის რა პირობებით შესთავაზა ფონდმა “ქართუმ” სესხების ჩამოწერა, ოფიციალურად გაცხადებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები